ჩემი ნამუშევრები!

Published ოქტომბერი 24, 2012 by Dark princess

დიდი ხანია რაღაც ახალი საქმიანობის დაწყება მინდოდა. სწავლა, ოღონდ ისეთი რამის სწავლა, რაც მე თვითონ ძალიან გამახარებდა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, დავიწყე კიდეც…

გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ცხოვრება ძალიან მინდოდა ან დიზაინერი ვყოფილიყავი, ან მომღერალი, ვეცადე ჩემი ერთი სურვილი მაინც ასე თუ ისე განმეხორციელებინა და საბოლოოდ გადავწყვიტე მესწავლა კერვა. ჩემი მეორე და აუხდენელი სურვილი, კარგი როკ ჯგუფის სოლისტი ვიყო, მგონი სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს.   ასე რომ გული არ გამიტეხავს და დავიწყე კარგი სპეციალისტის ძებნა, რომელიც ყველაფრის შეკერვას მასწავლიდა. ფანტაზიებს და ხატვის ნიჭს კიდევ არ ვუჩივი და საიმისოდ ნამდვილად არ მჭირდება დიპლომი მედოს სახლში 🙂 ( ეს ტრაბახივით გამომივიდა, რასაც ვერ ვიტან ხოლმე, მაგრამ ფაქტი ფაქტია 🙂 )

როგორც იქნა მივაგენი ძალიან თანამედროვედ მოწყობილ სამკერვალოს და დავიწყე კიდეც სწავლა. იქ ერთი მასწავლებელი მყავს, რომელსაც სამი დამხმარე ეხმარება აუარებელი შეკვეთების მიღებაში, შეკერვაში და ა. შ. იმისთანა დატვირთული მუშაობაა, მთელი დღე დასვენების მხოლოდ რამდენიმე წუთი აქვთ და მათთან ერთად მეც. იმდენად საყვარელი და იმდენად კონტაქტური ქალები არიან, ყველა შემიყვარდა და ერთი სული მაქვს, როდის მივალ ამ ჩემს პატარა სამოთხეში, სადაც თავს იმდენად მშვიდად და სასიამოვნოდ ვგრძნობ, წამოსვლა აღარ მინდა ხოლმე. თითქმის მთელ დღეს მათთან ვატარებ, ძალიან საინტერესო ხალხს ვხვდები და თავს ჩემს სამყაროში ვგრძნობ. წინასწარ უკვე წარმომიდგენია ჩემი პატარა სახელოსნო, სადაც ათასნაირი ქსოვილია მიყრილ-მოყრილი… ჩემი გემოვნებით მოწყობილი და ნათელი ფერებით სავსე… უამრავი კლიენტი და უამრავი თბილი ფერები. აი დაახლოებით ასეთი…

ესეც ჩემი ორი ქმნილება, რომლებიც არც ისე დამოუკიდებლად, მაგრამ ნახევრად დამოუკიდებლად მაინც შევკერე 🙂

 

 

 

ახლა კი მინდა ორი მითი დავამსხვრიო ამ ყველაფრის შესახებ…

1. ხალხი რატომღაც ყოველთვის აგდებულად მოიხსენიებს მკერავებს, რომლებსაც განურჩევლად ყველას ახლა დიზაინერები ჰქვიათ. ჰგონიათ, რომ ეს ხელობა რატომღაც გაუნათლებელმა და დაბალი ფენის ადამიანმა უნდა იცოდეს. რამდენმაც გაიგო, რომ  სამკერვალოში მივედი, რატომღაც ეხამუშათ. უმაღლესდამთავრებული გოგო, ამისთანა სპეციალობით, რა გინდა სამკერვალოშიო. თავიდან დედაჩემიც კი თითქოს უსიამოვნოდ შეხვდა ამ ამბავს. მე მართლა ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება არსებობდეს ასეთი მდაბალი და უღირსი კრიტერიუმები ადამიანების შესაფასებლად. დიახ, მშვენივრად ვათავსებ ერთმანეთს რეპეტიტორობასაც და კერვასაც, იმიტომ რომ ესაა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო საქმე ამ ქვეყნად და არასდროს არც ერთ სპეციალობას არ ვაკნინებ. ეს მართლა მდაბალი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.

2. ახლა მინდა ვთქვა თუ რამხელა წვალება იდება თუნდაც ერთი ბოლოკაბის შეკერვაში. ძალიან ბევრჯერ გამიგია და მეც მეუბნებიან. კერვას რა უნდა, ყველაზე ადვილია, რით ვეღარ ისწავლე შეკერვა (არადა მხოლოდ თვენახევარია ვსწავლობ)  და ასე შემდეგ. ვინც ფიქრობს ასე, ყოველთვის მიჩნდება სურვილი, დავაჯინო საკერავ მანქანასთან და დავინახო რას შეკერავს. იმხელა ფიქრი, იმდენი გაზომვა, იმდენი წვალება, იმხელა ენერგია იდება თუნდაც ერთი პატარა რამის შექმნაში, რომ დამიჯერეთ, კერვა ძალიან რთული პროფესიაა და ნურასდროს შეხედავთ აგდებულად. სანამ დაუფიქრებლად წამოისვრით უაზრო ფრაზას იფიქრეთ, მე კი შევძლებ ამის გაკეთებას? ტანსაცმლის შეკერვაში მილიმეტრსაც კი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ სიზუსტე მუდამ საჭიროა. და ცოდნა, რა როგორ გააკეთო. აი რა მინდოდა მეთქვა 🙂

ეს მარტენსი კი ჩემი დღევანდელი ლამაზი შენაძენია 🙂

განწყობა

Published ივნისი 19, 2012 by Dark princess

დიდ ხანს ფიქრი არ დამჭირდა პოსტის თემაზე,ბოლო ბოლო რამდენიმე დღეში ჩემი დაბადებისდღეა და მინდა წინასადაბადებისდღეო განწყობაზე დავწერო 🙂

ზოგადად დაბადების დღეები და ჩემი დაბადების დღე დიდად არ მყვარებია არასდროს. ისეთი ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, აი, არც ერთი დღესასწაული რომ არ უყვართ ახალი წლის და შობის გარდა 🙂 მაგრამ მეორე წელია რატომღაც ძალიან შემეცვალა აზრი დაბადების დღეზე და წელს ისევე მოუთმენლად და გახარებული ველი მას, თითქოს ახალი წელი მოდის 🙂

ვფიქრობ წელს არც ისე იოლად გადასატანი დაბადების დღე მექნება… მაგრამ წეღან ფანჯარაში გავიხედე და უცებ ცხოვრება გამიხარდა. გამიხარდა, იმიტომ რომ მიუხედავად სიძნელეებისა ის ყოველთვის მშვენიერი და ლამაზია. განწყობა ამიმაღლდა და სწორედ ასეთივე ამაღლებული განწყობით ვაპირებ ჩემი წვეულების ჩატარებას. თავის მოკვლას არანაირი აზრი არ აქვს დაბრკოლებებზე. ამით მათ არაფერი ეშველებათ…

შარშან შესანიშნავი და ძალიან მხიარული დაბადების დღე მქონდა. ვიმედოვნებ წელსაც ასე იქნება. ახლა კი წინა წლის და ჩემი საყვარელი დღის ლამაზ სურათებს შემოგთავაზებთ 🙂

 

 

დავბრუნდი…

Published ივნისი 18, 2012 by Dark princess

მოკლედ ძალიან დავიკარგე, მაგრამ ეს საქმის კი არა ისევ ჩემი ბრალია. ყოველდღე მინდოდა დაწერა და მეზარებოდა და მეზარებოდა. ახლა მართლა შემომაწვა ნოსტალგია, მსუბუქი სიბრაზე ჩემს თავზე, რომ ახალი და ნორჩი ბლოგი ასე მივატოვე და გადავწყვიტე დაგიბრუნდეთ, თუმცა ალბათ ისევ ცოტა ხნით, რადგან ორ-სამ კვირაში სოფელში წავალ, თუმცა ვეცდები ეს ცოტა ხანიც მხიარულად გავატარებინო ჩემს მკითხველს, რომელიც ისედაც ასე ცოტა მყავდა და ახლა ხომ საერთოდ ალბათ 🙂

ახლა კი,სანამ თემას მოვიფიქრებ, ამ საყვარელი მოვლენების სურათებით დაგემშვიდობებით, რომლებიც ჩემი გულით საყვარელ ადამიანთან ყოფნის დროს დავაფიქსირე და ალბათ სიმბოლურიც გამოვიდა 🙂

რატომ ვერ ვიტან ქართულ ქორწილებს…

Published აპრილი 6, 2012 by Dark princess

ეს საკმაოდ გაცვეთილი თემაა, რომელსაც ქართული თინეიჯერობა და არა-ხაშლამა ხალხი ალბათ ბევრჯერ შეეხო, თუმცა მეც მაქვს სათქმელი რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არ მიყვარს ქართული ქორწილები, უფრო სწორად რატომ ვერ ვიტან ასე ძალიან.  დავკონკრეტდეთ; ქართულ ქორწილებში ვგულისხმობ მსგავს ქორწილებს, რომლებიც დაახლოებით 100-500 კაცზეა გათვლილი, და აქედან ყველა ღიპიანი ბიძა და “კაი”  სმა- ჭამის მოყვარულია. თორემ თუ წყვილსაც და მათ ოჯახებსაც გემოვნება აქვს და კარგი ფინანსური მდგომარეობაც, კარგი ქორწილის ორგანიზება საქართველოშიც შეუძლიათ. და აკეთებენ კიდეც. სამწუხაროდ ქართული ქორწილის სურათების დადებას ვერ გავბედავ, მეშინია, ვინმემ თავის თავი არ იცნოს და არ ამაფეთქონ 🙂

მაშ ასე, ჩამოვთვალოთ ის მიზეზები თანმიმდევრობით , თუ რატომ არ მიყვარს ქართული, ტრადიციული, “ხაშლამური”, დიპლიპიტო-დაპლიპიტო ქორწილები.

1. აბსოლუტურად ყველა ქართულ ქორწილში არის მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 15-20 ძალიან მონდომებული გასათხოვარი გოგონა. რაში ეტყობათ იმ საწყლებს, რომ ძალიან უნდათ გათხოვება? პირველ რიგში აქტიურობაზე. იციან, არ იციან, უნდათ, არ უნდათ, გამოსდით, არ გამოსდით, ცეკვავს ვინმე თუ არ ცეკვავს, ყველა სიმღერაზე თუ კომპოზიციაზე ფეხებს იმტვრევენ ცეკვით და ცდილობენ ყველას ყურადღების ქვეშ მოექცნენ. მეორე რიგში თვალებზე. დამშეულ მზერას ისე ავლებენ დარბაზს, ( სადაც საკმაოდ ბევრი მომავალი ხაშლამა საცოლე ბიჭები იწონებს თავს) ყურადღება რომ არ მიაქციონ, შეიძლება შემოათრიონ ზარბაზანი და მთელი დარბაზი ჰაერში აიტანონ. კიდევ ერთი, რაზეც ეტყობათ ატეხილ გოგონებს, თაიგულის დაჭერაზე რომ ომია გაჩაღებული ხოლმე, ჩემს მტერს! და კიდევ ერთი რომელიც ნამდვილად ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს. ძირითადად ასეთი გოგონები ქორწილებში ეძებენ საქმროებს და ნორმალური გოგონა, ვისაც ნორმალური აზროვნება აქვს და მითუმეტეს მარტოა, ასე თავს არ “გაიბანძებს”. მე ასე ვფიქრობ, ჩემიდან გამომდინარე, ასე რომ ნუ დამძრახავთ.

2.  ასევე ყველა ქორწილში არის მინიმუმ ერთი, ბებერი (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და ამჩატებული კაცი, რომელიც შალახოზე ისე იპარჭყება რომ სული მეხუთება. ამ დროს მახსენდება გივი სიხარულიძე, რომლის ყველა გამოჩენაზეც ტელევიზიაში ოთახიდან გავრბივარ. არ შემეძლო ხმამაღლა არ მეთქვა სახელი და გვარი. ამ ატეხილი კაცის დანახვაზე პანიკა მეწყება ხოლმე. მე მაპატიეთ 🙂

3. თაიგულის დაჭერა! რა საშინლად ვერ ვიტან ამ უაზრო წესს! (ეს მარტო ქართულ ქორწილებში არ იციან რა თქმა უნდა) არასდროს არც ერთ ქორწილში, არც ერთ ადგილას თაიგულის დასაჭერად არ დავმდგარვარ. და ვერც ვერავინ მაიძულა!

4. ამ ბოლო წლებში ძალიან აქტიურად შემოსული ტენდენცია. ჩოხები სიძეებს! უკვე იმდენად ამოვიდა ყელში, რომ ამ ქართველ ქალს ჩოხის დანახავაც კი აღარ მინდა. ეცით ხალხნო პატივი წინაპრებს. ისინი ვაჟკაცები იყვნენ და ღირსეულად ატარებდნენ ჩოხებს. თქვენ კიდევ ვინ ხართ? ქალიშვილები, რომლებიც თხოვდებით! კაცობის რამე სცხია სიძეების 70 % პროცენტს მაინც?

5. ლაპარაკი აღარ მაქვს ნებისმიერი ტრადიციული ქორწილის რეპერტუარზე და “ძენ პობედი” და ა.შ. ამაზე უბრალოდ ხმას არ ვიღებ. მაგრამ როდესაც ქართული ფოლკლორი  გაიჟღერებს ხოლმე, მართლა მსიამოვნებს და ყური ისვენებს, მაგრამ ვაი რომ არავინ გასვენებს. ვინც უბრალოდ ფეხის გამოძრავება იცის, ისინიც კი გარბიან საცეკვაოდ, რაც ყველანაირ კომპოზიციის დასაწყისსში მოგვრილ სიამოვნებას მიშხამებს და ყველანაირ შთაბეჭდილებას მიშლის. საშინლად არ უხდება ქართულ ცეკვებს არაპროფესიონალიზმი:)

საბოლოო ჯამში გამოდის ისე რომ ყველა დროს ატარებს, მე კიდევ ამ ფაქტორების გავლენით თავატკიებული ვბრუნდები სახლში. სწორედ ამიტომაა, რომ არასდროს ჩემი ნებით არც ერთ ქორწილზე არ ვყოფილვარ.

პოსტი კი ხისტი გამომივიდა, სამაგიეროდ ამ უსაყვარლესი სურათით დავასრულებ 🙂

 

სამკაულები iyide.wordpress.com-დან

Published მარტი 27, 2012 by Dark princess

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია. რატომ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ახლა მინდა ცინცხალი ინფორმაციით დაგიბრუნდეთ 🙂

ცოტა ხნის წინ  იყიდე-დან რამდენიმე სამკაული შევუკვეთე და ძალიან მაინტერესებდა, როგორი ჩამოვიდოდა ჩემამდე. ჰოდა რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და გამახარა. სამკაულები საკმაოდ კარგი აღმოჩნდა და ძალიანაც მომეწონა. ესეც ჩემი სამკაულები 🙂

ჩემი უსაყვარლესი ბეჭედი. ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა და ზუსტად ისეთივე მძიმე და ლამაზი ჩამოვიდა, როგორსაც ველოდი.

ასევე ლამაზი გულის ფორმის ორნამენტებიანი გულსაკიდი, რომელიც საკმაოდ დიდია 😉

ასევე საყვარელი ბუს ყელსაბამი 🙂

ჩემი მეგობრების სამკაულები, რომლებმაც ასევე გაამართლა.

ამ ორი უსაყვარლესი გულსაკიდის ამოღება კი ვერ გავბედე პარკიდან. სასაჩუქრედ უნდოდათ 🙂

ესეც ასე. ეს სიმღერა კი განწყობისთვის 🙂

 

 

 

ახალი შენაძენები

Published მარტი 13, 2012 by Dark princess

ეს ორი დღე დავდივარ აქეთ-იქით და რამდენიმე ახალი ტანსაცმელი და სამკაულიც შევიძინე გაზაფხულისთვის 🙂

დიდხანს ვყოყმანობდი,  თან ძალიან მინდოდა. საბოლოოდ მაინც მივაღწიე, გადავწყვიტე და ვიყიდე 🙂

ჩემს ტულის კაბას მივაყოლე ლამაზი მოვარდისფრო-ატმისფერი ჯემპრი კოპლებით და ბანტით და შავი წვრილი წელის ქამარი.

ამ ყველაფერთან კი იდეალურად მიდის ჩემი ვალენტინობის დღის საჩუქარი, მარტენსები, რომლებიც ჯერ არ ჩამიცვამს.

მერე ცთუნებას ვეღარ გავუძელი და რამდენიმე ულამაზესი სამკაული შევიძინე გაზაფხულისთვის.

 

 

EVP- ხმები საიქიოდან

Published მარტი 9, 2012 by Dark princess

მსოფლიოში  მრავალი აუხსნელი მოვლენა ხდება, რომლებსაც მომხრეებიც ბევრი ჰყავს და სკეპტიკურად განწყობილი მოწინააღმდეგეებიც. დღეს მინდა ერთ ერთ ამ აუხსნელ პარანორმალურ მოვლენას შევეხო.

EVP- ანუ Electronic voice phenomenon აღნიშნავს ელექტრონულ ხმას, რომელიც ხმის ჩამწერ აპარატებზე ფიქსირდება და არ წარმოადგენს ამ ქვეყნიურ მოვლენას. ჩვეულებისამებრ ხმის ჩამწერ აპარატებს ტოვებენ სასაფლაოზე ან სახლში ან ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება პარანორმალური აქტივობა უფრო ძლიერი იყოს და სრულ სიჩუმეში დიქტოფონი იწერს ხმაურის ფონზე ხშირად გაურკვეველ, მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ მკაფიოდ გამოხატულ საუბარს, რომელიც ადამიანს არ ეკუთვნის. ხანდახან მოჩვენებასთან საუბრის დროსაც მიმართავენ ამ ხერხს და დიდი სიამოვნებით მოვსინჯავდი მეც 🙂 მაგრამ სამწუხაროდ სანამ ხმის ჩამწერს არ ვიყიდი, არ გამოვა 😦

დიქტოფონზე სულების საუბრის ჩაწერით დღეს ბევრია გატაცებული, და ინტერნეტშიც უამრავი  Electronic voice phenomenonის აღმნიშვნელი ჩანაწერები მოიპოვება, თუმცა ძნელია გაარკვიო, რომელია დამონტაჟებული და რომელი ნამდვილი…

მე შევეცადე თქვენთვის ცოტა რეალური მასალა მომეწოდებინა და იმედია ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთ მოგეწონებათ 🙂

ამ ვიდეოს და თვითონ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია. ანალის მიჩელის ტრაგედია მთელს მსოფლიოში ცნობილია. სწორედ მისი ისტორიის მიხედვით შეიქმნა საშინელებათა ფილმის ერთერთი კლასიკა  The Exorcism of Emily Rose.

სცადეთ თქვენც 😉