ეს საკმაოდ გაცვეთილი თემაა, რომელსაც ქართული თინეიჯერობა და არა-ხაშლამა ხალხი ალბათ ბევრჯერ შეეხო, თუმცა მეც მაქვს სათქმელი რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არ მიყვარს ქართული ქორწილები, უფრო სწორად რატომ ვერ ვიტან ასე ძალიან. დავკონკრეტდეთ; ქართულ ქორწილებში ვგულისხმობ მსგავს ქორწილებს, რომლებიც დაახლოებით 100-500 კაცზეა გათვლილი, და აქედან ყველა ღიპიანი ბიძა და “კაი” სმა- ჭამის მოყვარულია. თორემ თუ წყვილსაც და მათ ოჯახებსაც გემოვნება აქვს და კარგი ფინანსური მდგომარეობაც, კარგი ქორწილის ორგანიზება საქართველოშიც შეუძლიათ. და აკეთებენ კიდეც. სამწუხაროდ ქართული ქორწილის სურათების დადებას ვერ გავბედავ, მეშინია, ვინმემ თავის თავი არ იცნოს და არ ამაფეთქონ
მაშ ასე, ჩამოვთვალოთ ის მიზეზები თანმიმდევრობით , თუ რატომ არ მიყვარს ქართული, ტრადიციული, “ხაშლამური”, დიპლიპიტო-დაპლიპიტო ქორწილები.
1. აბსოლუტურად ყველა ქართულ ქორწილში არის მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 15-20 ძალიან მონდომებული გასათხოვარი გოგონა. რაში ეტყობათ იმ საწყლებს, რომ ძალიან უნდათ გათხოვება? პირველ რიგში აქტიურობაზე. იციან, არ იციან, უნდათ, არ უნდათ, გამოსდით, არ გამოსდით, ცეკვავს ვინმე თუ არ ცეკვავს, ყველა სიმღერაზე თუ კომპოზიციაზე ფეხებს იმტვრევენ ცეკვით და ცდილობენ ყველას ყურადღების ქვეშ მოექცნენ. მეორე რიგში თვალებზე. დამშეულ მზერას ისე ავლებენ დარბაზს, ( სადაც საკმაოდ ბევრი მომავალი ხაშლამა საცოლე ბიჭები იწონებს თავს) ყურადღება რომ არ მიაქციონ, შეიძლება შემოათრიონ ზარბაზანი და მთელი დარბაზი ჰაერში აიტანონ. კიდევ ერთი, რაზეც ეტყობათ ატეხილ გოგონებს, თაიგულის დაჭერაზე რომ ომია გაჩაღებული ხოლმე, ჩემს მტერს! და კიდევ ერთი რომელიც ნამდვილად ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავს. ძირითადად ასეთი გოგონები ქორწილებში ეძებენ საქმროებს და ნორმალური გოგონა, ვისაც ნორმალური აზროვნება აქვს და მითუმეტეს მარტოა, ასე თავს არ “გაიბანძებს”. მე ასე ვფიქრობ, ჩემიდან გამომდინარე, ასე რომ ნუ დამძრახავთ.
2. ასევე ყველა ქორწილში არის მინიმუმ ერთი, ბებერი (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და ამჩატებული კაცი, რომელიც შალახოზე ისე იპარჭყება რომ სული მეხუთება. ამ დროს მახსენდება გივი სიხარულიძე, რომლის ყველა გამოჩენაზეც ტელევიზიაში ოთახიდან გავრბივარ. არ შემეძლო ხმამაღლა არ მეთქვა სახელი და გვარი. ამ ატეხილი კაცის დანახვაზე პანიკა მეწყება ხოლმე. მე მაპატიეთ
3. თაიგულის დაჭერა! რა საშინლად ვერ ვიტან ამ უაზრო წესს! (ეს მარტო ქართულ ქორწილებში არ იციან რა თქმა უნდა) არასდროს არც ერთ ქორწილში, არც ერთ ადგილას თაიგულის დასაჭერად არ დავმდგარვარ. და ვერც ვერავინ მაიძულა!
4. ამ ბოლო წლებში ძალიან აქტიურად შემოსული ტენდენცია. ჩოხები სიძეებს! უკვე იმდენად ამოვიდა ყელში, რომ ამ ქართველ ქალს ჩოხის დანახავაც კი აღარ მინდა. ეცით ხალხნო პატივი წინაპრებს. ისინი ვაჟკაცები იყვნენ და ღირსეულად ატარებდნენ ჩოხებს. თქვენ კიდევ ვინ ხართ? ქალიშვილები, რომლებიც თხოვდებით! კაცობის რამე სცხია სიძეების 70 % პროცენტს მაინც?
5. ლაპარაკი აღარ მაქვს ნებისმიერი ტრადიციული ქორწილის რეპერტუარზე და “ძენ პობედი” და ა.შ. ამაზე უბრალოდ ხმას არ ვიღებ. მაგრამ როდესაც ქართული ფოლკლორი გაიჟღერებს ხოლმე, მართლა მსიამოვნებს და ყური ისვენებს, მაგრამ ვაი რომ არავინ გასვენებს. ვინც უბრალოდ ფეხის გამოძრავება იცის, ისინიც კი გარბიან საცეკვაოდ, რაც ყველანაირ კომპოზიციის დასაწყისსში მოგვრილ სიამოვნებას მიშხამებს და ყველანაირ შთაბეჭდილებას მიშლის. საშინლად არ უხდება ქართულ ცეკვებს არაპროფესიონალიზმი:)
საბოლოო ჯამში გამოდის ისე რომ ყველა დროს ატარებს, მე კიდევ ამ ფაქტორების გავლენით თავატკიებული ვბრუნდები სახლში. სწორედ ამიტომაა, რომ არასდროს ჩემი ნებით არც ერთ ქორწილზე არ ვყოფილვარ.
პოსტი კი ხისტი გამომივიდა, სამაგიეროდ ამ უსაყვარლესი სურათით დავასრულებ








