supernatural

All posts in the supernatural category

EVP- ხმები საიქიოდან

Published March 9, 2012 by Dark princess

მსოფლიოში  მრავალი აუხსნელი მოვლენა ხდება, რომლებსაც მომხრეებიც ბევრი ჰყავს და სკეპტიკურად განწყობილი მოწინააღმდეგეებიც. დღეს მინდა ერთ ერთ ამ აუხსნელ პარანორმალურ მოვლენას შევეხო.

EVP- ანუ Electronic voice phenomenon აღნიშნავს ელექტრონულ ხმას, რომელიც ხმის ჩამწერ აპარატებზე ფიქსირდება და არ წარმოადგენს ამ ქვეყნიურ მოვლენას. ჩვეულებისამებრ ხმის ჩამწერ აპარატებს ტოვებენ სასაფლაოზე ან სახლში ან ისეთ ადგილას, სადაც შეიძლება პარანორმალური აქტივობა უფრო ძლიერი იყოს და სრულ სიჩუმეში დიქტოფონი იწერს ხმაურის ფონზე ხშირად გაურკვეველ, მაგრამ ზოგჯერ საკმაოდ მკაფიოდ გამოხატულ საუბარს, რომელიც ადამიანს არ ეკუთვნის. ხანდახან მოჩვენებასთან საუბრის დროსაც მიმართავენ ამ ხერხს და დიდი სიამოვნებით მოვსინჯავდი მეც :) მაგრამ სამწუხაროდ სანამ ხმის ჩამწერს არ ვიყიდი, არ გამოვა :(

დიქტოფონზე სულების საუბრის ჩაწერით დღეს ბევრია გატაცებული, და ინტერნეტშიც უამრავი  Electronic voice phenomenonის აღმნიშვნელი ჩანაწერები მოიპოვება, თუმცა ძნელია გაარკვიო, რომელია დამონტაჟებული და რომელი ნამდვილი…

მე შევეცადე თქვენთვის ცოტა რეალური მასალა მომეწოდებინა და იმედია ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთ მოგეწონებათ :)

ამ ვიდეოს და თვითონ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია. ანალის მიჩელის ტრაგედია მთელს მსოფლიოში ცნობილია. სწორედ მისი ისტორიის მიხედვით შეიქმნა საშინელებათა ფილმის ერთერთი კლასიკა  The Exorcism of Emily Rose.

სცადეთ თქვენც ;)

 

ფერიები და ლეგენდები

Published February 16, 2012 by Dark princess

როდესაც სიტყვა “ფერია” გვესმის, თვალწინ მაშინვე წარმოგვიდგება ძალიან ლამაზი პატარა და გამჭვირვალე არსება, რომელსაც ასეთივე გამჭვირვალე ფრთები აქვს და უსაზღვროდ კეთილია. ყოველ შემთხვევაში მე ასე წარმომიდგენია დღემდე. თუმცა ფერიები სხვადსხვა ქვეყნის სხვადასხვა მითოლოგიებში თუ ლეგენდებში ხანდახან მთლად ისე უწყინრად არ მოიხსენიებიან, როგორც ჩვენ გვგონია.

ფერიების არსებობა დღემდე სადავო საკითხია. თუმცა საკმაოდ სკეპტიკური. მეცნიერების და ჩვეულებრივი ადამიანების უმრავლესობას არ სჯერა თუ ისინი ოდესმე არსებობდნენ, რაც რამდენიმე წლით დაანგრია 1917 წელს ელსი რაიტის და ფრენსის გრიფიტსის გადაღებულმა ფოტოებმა, რომლებსაც ცნობილი მწერალი ართურ კონან დოილი იკვლევდა. მან რატომღაც დაამტკიცა რომ ფოტოები რეალური იყო და გოგონებმა მართლაც აღბეჭდეს ფერიები. თუმცა უკვე ხანში შესულმა ელსიმ და ფრენსისმა აღიარეს, რომ ფოტოებთან და ფერიებთან დაკავშირებული ისტორია უბრალოდ ფარსი იყო.

არსებობს მრავალი ლამაზი მითი და ლეგენდა ფერიების შესახებ, მე მინდა ერთერთ მათგანზე მოგითხროთ.

პატარა, მისტიკურ ლეგენდებსა და მითებში ჩაძირული ქალაქი გლასტონბარი, რომელიც ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ნამდვილი ლეგენდებისა და ჯადოსნური ამბების სამშობლოა. პირველად დასახლებული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500 წელს და დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა პილიგრიმების საცხოვრებლებს, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულები უძველეს დრუიდებთან. ისინი გლასტონბარში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1000 წელს ცხოვრობდნენ. სწორედ ამ უძველესი დროიდან მოყოლებული გლასტონბარმა ეივბართან და სტოუნჰენჯთან ერთად ინგლისის მისტიკური სამკუთხედი შექმნა.

გლასტონბარი ცნობილია თავისი  გლასტონბარის ბორცვით. მასთან დაკავშირებულია ბევრი ლეგენდა. ზოგ ადამიანს სჯერა, რომ ის ერთ დროს ცნობილი ავალონის კუნძული იყო. მას შემდეგ მას ბევრჯერ აიგივებენ მეფე არტურთან, თუმცა კიდევ ბევრს სჯერა რომ ის ფერიების ბორცვია.

გლასტონბარის ბორცვი დიდ ფართობს იკავებს ქალაქში. ბევრი ადამიანი ამ ბორცვს მისი მონუმენტის წყალობით ცნობს. მონუმენტი წარმოადგენს გადაუხურავ წმ. მაიკლის სახელობის კოშკს, რომელიც იქ შუა საუკუნეებში აშენდა. ზოგი კი მას მის ფერდებზე გაყვანილი ლაბირინთის მეშვეობით ცნობს. ბორცვი ავალონს და მეფე არტურს დაუკავშირეს 1911 წლიდან, მას მერე რაც იქ აღმოაჩინეს არტურის და მისი ცოლის აკლდამები. კუბოები მას მერე აღმოაჩინეს რაც გლასტონბარის ცეცხლით განადგურებულ სააბატოს აღდგენდნენ. კუბოებთან ერთად აღმოჩნდა ტყვიის ხმალი წარწერით “აქ, კუნძულ ავალონზე, განისვენებს ცნობილი მეფე არტური”.

აქვე არსებობს მეორე, მყარი რწმენა, რომ ბორცვი ეკუთვნის ფერიების მეფეს და ბორცვის წვერი წარმოადგენს ჯადოსნურ ადგილს ფერიებისთვის. კარგად ნაცნობი კელტური ლეგენდა გვამცნობს რომ ბორცვი წარმოადგენს სიცარიელეს, სადაც არის კარი, რომელსაც მიწისქვეშა სამეფოში  ჩავყავართ, ფერიების მეფე Gwyn ap Nudd თან. ( სახელი ვერ გადავთარგმნე :) )

არსებობს აგრეთვე სხვა მოსაზრებაც, რომ სიტყვა Avalon არის ნაწარმოები სიტყვისგან Avallah, რომელიც არის კელტური მიწისქვეშეთის ღმერთი. გლასტონბარის ბორცვი ასევე იწოდება, როგორც ჯადოსნური მთა. ის მოიხსენიება Annwnის ან ავალონის კარიბჭედ, რომელიც ფერიების სამეფოა.

გლასტონბარი მისტიკით  სავსე ქალაქია, მაგრამ  ლეგენდა ფერიებზე და მათ სამეფოზე დღემდე მყარად რჩება მის მთავარ ლეგენდად.

Real ghosts on tapes

Published February 13, 2012 by Dark princess

წინა პოსტში შემოგთავაზეთ მოჩვენებების დამტკიცებული და შესწავლილი სურათები, რომლებიც ძალიან პოპულარულია ინტერნეტ სივრცეში და მსოფლიოში. ახლა კი გიჩვენებთ ვიდეოებს, რომლებზეც მოჩვენებები დაფიქსირდნენ.

აქ მინდა შევნიშნო, რომ ამ ვიდეოებს რამდენიმე საათის განმავლობაში ვეძებდი, რომ რამე ახალი და ცოტა რეალური მომეწოდებინა თქვენთვის. უმეტესობა, რაც პოპულარულია, ან ნანახი გექნებათ, ან არც ისეთი რეალურია. რაც ოდნავ რეალურად და განსხვავებულად მომეჩვენა, იმას გთავაზობთ. ნამდვილად საინტერესო ვიდეოებია, თუმცა არ ვიცი მათი სინამდვილე დამტკიცებულია თუ არა.

ამ ვიდეოზე დაფიქსირებულია ინდონეზიურ-მალაიზიური წარმოშობის მოჩვენება, რომელიც იქ განთქმულია პოკონგის სახელით. პოკონგს ეძახიან მოჩვენებას, რომელიც თავის სახვევებშია დატყვევებული და სააქაოს ვერ ტოვებს ამის გამო. ინდონეზიაში გარდაცვლილის ახვევენ მთლიან სხეულზე თეთრ ნაჭერს და ისე მარხავენ. მათი რწმენით,  როდესაც სული ვერ თავისუფლდება 40 დღის მერე, ის ამოდის საფლავიდან და იწყებს იმ ხალხის მონახულებას, ვისგანაც ითხოვს გათავისუფლებას. რადგან მას თეთრი ნაჭერი მჭიდროდ აქვს შემოხვეული ფეხებზე, სიარული არ შეუძლია, ამიტომაც ხტის. სწორედ ერთერთი ასეთი პოკონგი დაფიქსირდა კამერაზე.

ორმა მეგობარმა გადაწყვიტა ღამით ტყეში გასეირნება კამერით გადაეღოთ. კამერამ დემონი ან რაღაც გაურკვეველი წარმოშობის არსება დააფიქსირა და მოსეირნეებიც დააფრთხო.

ეს ვიდეო თვითონ გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. ვიდეოში იკვლევენ ქალის მოჩვენების ფოტოს, რომელიც ფერის გამო ოქროსფერი მოჩვენების სახელითაა ცნობილი.

დელ მარის იპოდრომი სამხრეთ კალიფორნიაში ცნობილია თავისი მოჩვენებებით და უცნაური ხმებით. საბოლოო დამამტკიცებელი საბუთი ეს ვიდეოა, რომელიც დააფიქსირა ერთერთი პაბის კამერამ და ამ ვიდეოზე ჩანს შავი დიდი ჩრდილი, რომელიც მთელს დარბაზს კვეთს და ბართან უჩინარდება. ჩატარდა ვიდეოს საფუძვლიანი გამოკვლევები, თუმცა ეჭვი მაინც არავის ეპარება, რომ ეს მოჩვენება რეალურია. ეს ადგილი ისედაც უცნაურობებითაა განთქმული.

თქვენ თუ რაიმე უცნაური პარანორმალური შემთხვევა გადაგხდენიათ თავს, თავისუფლად შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომენტარებში.

10 რეალური მოჩვენების ფოტო და მათი ისტორია

Published February 10, 2012 by Dark princess

ჩვენი, ადამიანების გონება ვერ წვდება ისეთ მოვლენებს, რომლებიც რეალობის ზღვარს მიღმაა. იკვლევენ ათას შემთხვევას და ათას ფოტოებს თუ ვიდეოებს, რომლებზეც მოჩვენებები აისახნენ, თუმცა დამტკიცებით დღესაც ვერავინ ამბობს, რა ხდება მაშინ, როდესაც ფოტოაპარატი თუ ვიდეოკამერა აფიქსირებს ისეთ მოვლენას, რაც ჩვენთვის დღემდე აუხსნელია…

დღეს დავწერ რეალურ მოჩვენბებზე, რომლებიც ასევე რეალურ ფოტოებზე აისახნენ სრულიად შემთხვევით :) მე ამ ინფორმაციის სინამდვილეზე პასუხს ვერ ვაგებ, თუმცა ეს ფოტოები მთელი მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობენ პარანორმალური მოველენებით  დაინტერესებულ ადამიანთა შორის…

1. ჯგუფური ფოტო.

 

სამეფო საჰაერო ესკადრონი ჯგუფური სურათის გადასაღებად შეიკრიბა. მაგრამ როდესაც სურათი გამჟღავნდა, მაშინვე შეამჩნიეს, რომ ეს ჩვეულებრივი ფოტო არ იყო. ერთერთი ჯარისკაცის უკან ორი დღის წინათ დაღუპული ფრედი ჯექსონი იდგა. ჯექსონი სამეფო საჰაერო ძალებში მექანიკოსად მსახურობდა. ის ტრაგიკულად დაიღუპა მუშაობის დროს. ფრედი თვითმფრინავის პროპელერმა იმსხვერპლა. თუმცა სიკვდილმა ხელი არ შეუშალა იმაში, რომ ორი დღის შემდეგ ამხანაგებთან ერთად გადაეღო სურათი. ის, რომ სურათზე მისი სახე იყო, რამდენიმე კაცმა უყოყმანოდ დაადასტურა.

2. ქალბატონი სასაფლაოდან.

ეს ფოტო გადაღებულია ილინოისის შტატის ერთერთ სასაფლაოზე. რომელიც დღეს ერთერთ ყველაზე შეპყრობილ სასაფლაოდ ითვლება მსოფლიოში. ერთი შეხედვით ქვაზე უწყინრად და ლამაზად  მჯდომი ქალბატონის უნიკალურობა იმაშია, რომ ფოტოს გადამღები ამტკიცებს, რომ იმ დროს, როდესაც სურათს იღებდა, იქ არავინ იყო. მითუმეტეს იქვე მჯდარი ქალი.  ფოტო გადაღებულია მარი ჰაფის მიერ, რომელიც საკმაოდ დაფასებული მოჩვენებებზე მონადირე საზოგადოების წევრია.

3. კოვბოის მოჩვენება ან საიდუმლოებით მოცული უცნობი.

1996 წელს, ვინმე იკ კლანტონმა  გადაწყვიტა სურათი გადაეღო კოვბოის ფორმაში შემოსილს და არიზონას შტატის ერთერთ სასაფლაოსთან იპოზიორა :) ფოტოს ნახვის შემდეგ მან უცნაური ადამიანი შენიშნა, რომელიც მის უკან იდგა. მისი მეგობარიც და იკიც ირწმუნებიან რომ იმ დროს იქ არავინ იყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ფოტოს ბოლომდე შესწავლა და გამოკვლევა ვერ მოხერხდებოდა, იმიტომ რომ უცნაურ მამაკაცს ფეხები არ უჩანდა :)

4. მოჩვენება ტყეში.

ეს ფოტო ვინმე რევერენდ ბლანკის მიერაა გადაღებული 1959 წელს ავსტრალიაში. ხეების ფონზე ცხადად, მაგრამ გამჭვირვალედ ჩანს ქალი, რომელიც ტყიდან გამოდის. ჩვენს დროში რომ ეს სურათი გადაეღოთ, რა თქმა უნდა ყალბად ჩაითვლებოდა, მაგრამ 1959 წელს ფოტოშოპი არ არსებობდა და ორმაგი ექსპოზიციის ეფექტიც გამოირიცხა, რადგან ქალის გარშემო და  მის უკან მდებარე ტერიტორიაც რეალურად ჩანს.

5. გოგონა ცეცხლში.

1995 წლის 15 ნოემბერს ინგლისში ვემ თაუნ ჰოლში ხანძარი გაჩნდა, რამაც შენობა მთლიანად დაწვა და მისგან მხოლოდ ნანგრევებიღა დატოვა. როდესაც მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს, ერთერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა ამ მოვლენის ფოტო გადაეღო. ბევრი ფოტოდან ერთერთზე გამჟღავნების შემდეგ აშკარად გამოკვეთა პატარა გოგონა, რომელიც პირდაპირ აბრიალებული ხანძრის შუაგულში იდგა და კიბეებიდან იყურებოდა. არავის ახსოვს ხანძარში პატარა გოგონა მოყოლილიყოს და ზუსტად იცოდნენ, რომ იქ არავინ იყო. ზოგიერთს სჯერა, რომ ეს ჯეინ ჩარმის მოჩვენებაა, რომელიც 1677 წელს დაიღუპა მის მიერვე შემთხვევით გაჩენილ ხანძარში.

6. მოჩვენება მანქანაში.

1959 წელს მაბელ კინერი სასაფლაოზე დედამისის საფლავის სანახავად წავიდა.  მან სურათი გადაუღო ქმარს, რომელიც მანქანაში წინ იჯდა და მაბელს ელოდებოდა. სურათის გამჟღავნების მერე მაბელმა საშინელი რამ აღმოაჩინა. ერთერთ სურათზე მისი ქმრის უკან, მანქანის უკანა სავარძელზე მისი გარდაცვლილი დედა იჯდა.

7. ბერი ეკლესიაში.

 

 

1954 წლის ზაფხულში რევერენდ ფორდი ეკლესიის სურათებს იღებდა ინგლისში. სურათების გადაღების პროცესსში მან გადაიღო ერთერთი უდავოდ დამტკიცებული და ძალიან ცნობილი მოჩვენების ფოტო. სურათზე ბერი ჩანს, რომელსაც საშინელი სახე აქვს. ფოტო საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული და დამტკიცებული რომ აქ არ არსებობს ორმაგი ექსპოზიცია და მისი სინამდვილე უტყუარია.

8. მოჩვენება სავარძელზე.

ლორდ კომბერმერი ტრაგიკული ინცინდენტის შედეგად დაიღუპა 1891 წელს. მისი დასაფლავების დროს ოჯახმა დაიქირავა ფოტოგრაფი, რომ გადაეღო მათი საოჯახო სურათები. ლორდი სახლიდან დაახლოებით 4 მილზე დაასაფლავეს, რამაც დიდი დრო წაიღო და ფოტოგრაფმაც ამ ხნის განმავლობაში სურათები გაამჟღავნა. როდესაც ფოტოები გამჟღავნდა, ერთერთზე ლორდი კომბერმერი გამოისახა, რომელიც მის საყვარელ სავარძელზე მოკალათებულიყო. ალბათ კუბო არ ესიამოვნა და… :)

9. ქალბატონი ყავისფერებში.

მოიაზრება როგორც ყველაზე გავრცელებული და ცნობილი მოჩვენების ფოტო.  ის გადაღებულია 1936 წელს რაინჰემ ჰოლში, ნორფოლკში, ინგლისში და დღემდე ამოუხსნელია. ქალის მოჩვენება მოიაზრება როგორც ვინმე დოროთი თაუნშენდი, რომელიც 1700 იან წლებში ქმართან, ჩარლზ თაუნშენდთან ერთად ცხოვრობდა რაინჰემ ჰოლში. მისი სიკვდილის თაობაზე დღემდე სხვადასხვა მოსაზრებაა გავრცელებული.

10. საიქიოს კიბეები.

1966 წელს რალფ ჰარდი ესტუმრა გრინვიჩის ნაციონალურ მუზეუმს. მუზეუმის ერთ ნაწილში ლამაზი კიბეების სურათი გადაიღო. როდესაც სურათები გამზადდა, მან შემზარავი აღმოჩენა გააკეთა. ერთერთ სურათზე გამოსახული იყო მოჩვენება, რომელიც კიბეზე ადიოდა. სურათებიც და ნეგატივიც შეისწავლეს და საბოლოოდ დადგინდა, რომ არანაირ ორმაგ ექსპოზიციას არ ქონდა ადგილი.

და რას ფიქრობთ თქვენ?

სამყაროს აღსასრული

Published January 25, 2012 by Dark princess

აპოკალიფსის შესახებ ახალს ნამდვილად ვერაფერს დავწერ, მაგრამ მინდა მეც შევეხო ამ თემას.

აპოკალიფსი, ანუ მსოფლიო აღსასრული ყოველთვის ხშირად განსახილველი და საინტერესო იყო, არის და იქნება.  ვფიქრობ, რომ რაც უფრო დიდი დრო გადის და რაც უფრო მეტად ვვითარდებით, მით უფრო მეტად გვეშინია ქვეყნიერების დასასრულის.  ქრისტიანობაში ჩვენ მას ვიცნობთ როგორც “მეორედ მოსვლას” და ვიცით, რომ ოდესმე, იესო ქრისტე ხელმეორედ დაბრუნდება დედამიწაზე და ეს იქნება ყველაფრის დასასრული. შემდეგ დაიწყება საიქიო ცხოვრება და ყველა მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. შესაბამისად მოხვდება ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში.

მეცნიერებაში კი მეორედ მოსვლა სხვანაირად მოიაზრება და მას აპოკალიფსს, ანუ სამყაროს აღსასრულს უწოდებენ.

რადგანაც მეცნიერება მუდამ ეწინააღმდეგება რელიგიას, მისი მიხედვით, სამყაროს რაიმე დიდი კატაკლიზმა: მიწისძვრა, წყალდიდობა, რაიმე ძლიერი ბუნებრივი სტიქია ან დედამიწაზე შემოჭრილი უცხო სხეულები, კომეტა ან სხვა პლანეტა დაღუპავს. ამ ბოლო დროს გავრცელდა ვარაუდი, რომ დედამიწას უცხოპლანეტელების შემოსევა მოუღებს ბოლოს.

2012 წლის  მსოფლიო აღსასრული განსაკუთრებით ყურადღების ცენტრშია და ალბათ ნახევარ მსოფლიოს მის ხსენებაზე შიშის იპყრობს.

ერთი პერიოდი მეც ძალიან მეშინოდა და მეგონა, რომ 2012 წლის ბოლოს ყველაფერი დამთავრდებოდა. ამ მასობრივ პანიკას ხელი შეუწყო  ფილმისთვის აგორებულმა კამპანიამ. თუმცა დღემდე გვაჯერებენ, რომ რადგან  კაციჭამია მაიას ტომმა კალენდარი 2012 წლის 21 დეკემბრით დახურა, ამ დღეს აუცილებლად მსოფლიო აღსასრული დადგება. ასევე ვრცელდება ინფორმაციები პლანეტა ნიბირუს შესახებ, რომელიც დაზუსტებული არაა, და უცხოპლანეტელთა ხომალდების შესახებ, რომლებსაც თვენახევრის წინ უნდა მოვენახულებინეთ, მაგრამ აგვიანებენ მგონი  :)

 

ამჯერად ნამდვილად აღარ მჯერა ამ ინფორმაციის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ზედმეტად ბევრი კატასტროფა და ზედმეტად ბევრი სტიქიური უბედურება ხდება, რაც აპოკალიფსის მოახლოებას კი არ გვაუწყებს, იმას გულისხმობს, რომ ეს მხოლოდ ადამიანების ბრალია. და ეს ხდება იმიტომ, რომ ბუნებრივი რესურსები თითქმის სულ ამოვწურეთ, გავანადგურეთ, დავარღვიეთ ყველაფერი და დავანგრიეთ, სადამდეც კი ხელი მიგვიწვდა. ჩემი აზრით, კაცობრიობამ მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს და თუ ატლანტიდასავით წყალი დაგვფარავს ან მიწისძვრა დაგვანგრევს, ეს ისევ ჩვენი  ბრალი იქნება, რადგან დედამიწიდან აღარაფერი დავტოვეთ.

ჩემი აზრი კი ასეთია. ადამიანი ქვეცნობიერში მუდამ ფიქრობს და ეშინია სიკვდილის. მეც არ ვარ გამონაკლისი. სიკვდილის საშინლად მეშინია. ეს ბუნებრივიცაა. ადამიანებს, რომლებსაც სიკვდილის არ ეშინიათ და რელიგიური აღმაფრენით უდგებიან ამ საკითხს ( არ მაქვს ლაპარაკი საეკლესიო მსახურებზე, ვგულისხმობ ჩვეულებრივ ადამიანებს), მგონია რომ ცოტა არ იყოს ფანატიზმში გადასდით რწმენა.

ჰოდა მაშინ წარმოვიდინოთ, რა არის ნორმალური ადამიანისთვის იმაზე მეტი საშინელება, თუ არა სამყაროს აღსასრული, როდესაც კვდები საშინელი სიკვდილით და როდესაც ყველაფერი თავზე გენგრევა? როდესაც უკვე ძველებურად აღარაფერი იქნება?  სწორედ ესაა ჩვენი ბუნებრივი შიში. ამის გვეშინია მუდამ და პატარა გაგონილ ამბავსაც კი ვამძაფრებთ და ტრაგიკულად აღვიქვამთ. გავრცელებული პიარ-კამპანია და ჭორი კი ყველამ კარგად ვიცით რაცაა. და  მშიშარა ადამიანებზე როგორ მოქმედებს.

მე უბრალოდ ერთადერთი რამ მიკვირს ამ ხალხის. რა უხარიათ? როდესაც ამბობენ, რომ სამყაროს აღსასრული მოვა და მსოფლიო გაწყდება, აი აქ რა უხარიათ? ეს დღემდე გამოუცნობი რჩება ჩემთვის.

თუ ვინმეს ოდესმე ჩემი აზრი დააინტერესებს , თუ რას ვფიქრობ 2012 წლის აპოკალიფსზე, ჩემი აზრი ასეთია. მართალია ფანატიკოსი არ ვარ და ყველაფერში ლოგიკურ ახსნას ვეძებ, მაგრამ ვარ ქრისტიანი და  ერთი რამე ზუსტად ვიცი. ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა და ღმერთივე მოგვიღებს ბოლოს, როცა კი მოისურვებს. ასე რომ მისი განზრახვების შესახებ არც მკითხავებმა იციან, არც წინასწარმეტყველებმა და არც მეცნიერებმა :)

თქვენ რას ფიქრობთ სამყაროს აღსასრულის შესახებ? :)

 

Haunted houses

Published January 24, 2012 by Dark princess

ადამიანების უმრავლესობას მოჩვენებების  სჯერა. უფრო მეტიც, ხანდახან ისინი თვითონ აწყდებიან საშიშ რეალობას, განსაკუთრებით პოლტერგეისტს, რადგან ის უფრო სახლის “შინაური” მოჩვენებასავითაა და ზოგ შემთხვევაში აგრესიული, ზოგჯერ კი კეთილადაა განწყობილი მაცხოვრებლების მიმართ. ხშირ შემთხვევებში, მისი აქტიურობა აგრესიით იწყება, რაც ცოტა მერე დამშვიდებულ ხასიათს იღებს და სახლის პატრონებს უმეგობრდება.

მაგრამ არსებობენ სახლებიც, რომელბიც გარდაცვლილი ადამიანების სულებით არიან შეპყრობილნი და ხანდახან ისინი საკმაოდ საშიშ და აგრესიულ მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ.

ასეთი სახლები ხშირად ძალიან ცნობილი ხდება თავისი მოჩვენებებით და ტურისტების საყვარელი ადგილიცაა ხოლმე. ვისაც ექტრემალური შეგრძნებები იზიდავს,  სტუმრობენ შეპყრობილ სახლებს და ცნობისმოყვარეობასაც იკმაყოფილებენ. შეპყრობილი სახლებიდან ძალიან ბევრია ცნობილი, სადაც უამრავი ტურისტი მიდის, მათ მოსაზიდად კი ათასნაირი ისტორიები ითხზვება და თავიდან იწერება.

მე კი დღეს უნდა მოგიყვეთ ერთერთი შეპყრობილი სახლის შესახებ, რომლის ისტორიაც ძალიან ძველია და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ რომ რეალური და საკმაოდ საინტერესო.

Blickling Hall- ერთერთი საკმაოდ ცნობილი და ტურისტებისთვის საყვარელი სახლია, სახლი კი არა სასახლე. ინგლისში ის ყველაზე შეპყრობილ სახლად აღიარეს. Blickling Hall მდებაროებს ინგლისში, ნორფოლკში. ის საკმაოდ დიდ ტერიტორიას იკავებს და ძალიან ლამაზი და საკმაოდ გრანდიოზული ნაგებობაა.

მისი ისტორია შემდეგია. Blickling Hall იყო  ანა ბოლეინის ერთერთი ბავშობის საცხოვრებელი სახლი. ანა ბოლეინი კი ჰენრი VIIIს ერთერთი ცოლი იყო. როგორც ვიცით ჰენრის ექვსი ცოლი ჰყავდა. ანა მისი მეორე ცოლი იყო. ჰენრი ავადმყოფური აზრით იყო შეპყრობილი, რომ აუცილებლად ვაჟიშვილი ჰყოლოდა, რომ მისთვის მიეცა შთამომავლობა. მისმა პირველმა ცოლმა, ეკატერინე არაგონელმა, ვაჟიშვილი ვერ გაუჩინა, რის გამოც ჰენრი მას დაშორდა და ცოლად ანა ბოლეინი მოიყვანა. ანამაც გოგონა გააჩინა, მომავალი დედოფალი, ელისაბედ I. თუმცა ვაჟი არც მას გაუჩნდა, რის შემდეგაც ჰენრიმ მასთან გაყრაც მოინდომა. და ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა.

1536 წლის 19 მაისს ანას თავი მოჰკვეთეს. ამის მერე Blickling Hall ში ანას მოჩვენება დასეირნობს. ყოველ წელს, სიკვდილით დასჯის დღეს, ანას უთავო მოჩვენება ჩნდება სასახლეში, ეტლში, რომელსაც ასევე უთავო მეეტლე ატარებს. მაგრამ ანას თავი არ დაუკარგავს, ის თავს ხელით ატარებს და ისე აფრთხობს ტურისტებს :)

ეს რა შუაში იყო, მაგრამ მაინც :)

 

Haunted dolls

Published January 9, 2012 by Dark princess

მსოფლიო ისტორიაში ბევრია შემთხვევა, როცა რაღაც ბოროტი ძალა, სული ან დემონი იპყრობს არა მარტო ადამიანებს, ასევე საგნებსაც და ნივთებსაც. როგორც ჩანს მათ ძალიან იზიდავთ თოჯინები, სადაც სახლდებიან და თავს საკმაოდ კომფორტულადაც გრძნობენ. ასეთი თოჯინები აუქციონებზეც კი იყიდება, ისე, რომ არც გამყიდველს და არც მყიდველს არ აწუხებს რას უმზადებს მომავალ მეპატრონეს თოჯინაში ჩასახლებული ბოროტი ძალა.

ზოგჯერ შეპყრობილი თოჯინები გამყიდველის კოზირია და ხანდახან “ცრუ” პროდუქტსაც ატყუებენ ზებუნებრივი ძალებით დაინტერესებულ პირებს :) როგორც წესი ეს თოჯინები თავისთავად საკმაოდ არაესთეტიკურად გამოიყურებიან და მათ დანახვაზე არც ისეთი სასიამოვნო გრძნობა გაუჩნდება ადამიანს. მე მინდა დღეს ერთ თოჯინაზე მოგითხროთ.

ეს ჯოლიეტია. ერთერთი ყველაზე შეპყრობილი თოჯინაა. მისი ძალიან ეშინიათ და ფიქრობენ, რომ ჯოლიეტში ჩასახლებული დემონური ძალა ძალიან ძლიერია.

ჯოლიეტი ძალიან ძველი თოჯინაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემ.  ის არა მარტო შეპყრობილი, ფიქრობენ რომ დაწყევლილიცაა და მისი წყევლა ყველა მის მეპატრონეზე გადმოდის.  თუმცა ისინი არ ცდილობენ მოიშორონ თოჯინა.

ის დაახლოებით ოთხ თაობას ითვლის და მისი ახლანდელი მეპატრონე ანა ამბობს, რომ ეს თოჯინა თაობიდან თაობას, დედიდან ქალიშვილს გადაეცემოდა. თითოეული ქალიშვილი კი დაწყევლილი იყო იმით რომ ჰყავდა ორი შთამომავალი, გოგონა და ბიჭი. თითოეული ვაჟი კვდებოდა ზუსტად სამი დღის. ჯოლიეტის მეპატრონე ოჯახი თვლის, რომ თითოეული ვაჟის სული დაწყევლილია შთამომავლობით გადაეცეს ეს თოჯინა, სანამ განკითხვის დღე არ მოვა.

ჯოლიეტი ღამღამობით რამდენიმე ბავშვის ხმით ტირის. ხანდახან კი ისე ყვირის, რომ ნებისმიერ ადამიანს სისხლი გაეყინება ძარღვებში. როგორც ანა ყვება, მისი ყვირილი და ტირილი სრულიად მკაფიოდ ისმის. ანას მონათხრობით, ვაჟი მშობიარობიდან სამი დღის მერე გაურკვეველ ვითარებაში დაეღუპა, ისევე როგორც მის დედას, ბებიას და ბებიის დედას. თუმცა მათ დღემდე ძალიან უყვართ თოჯინა და მის მოშორებას არ ცდილობენ, პირიქით უვლიან კიდეც.

ანა თვლის, რომ ჯოლიეტში ბოროტი ძალა კი არა, გარდაცვლილი ახალშობილების სულები არიან გამოკეტილნი და ამიტომაც არ ანადგურებენ თოჯინას, რომ მათ სულებს არაფერი დაუშავდეთ. ჯოლიეტი კი განაგრძობს ახალშობილების ხოცვას.

p.s უსურათო პოსტი გამოვიდა, ერთის მეტი სურათი ვერ მოვიძიე :(

 

 

მოჩვენებები თუ?..

Published January 8, 2012 by Dark princess

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ… მიუხედავად სხვაობებისა რელიგიებს შორის, თითქმის ყველა მათგანი საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მიდის. გარდაცვალების მერე სიცოცხლე გრძელდება, და გრძელდება ან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში.

ამ საკითხზე ერთი დამტკიცებული მოსაზრება არ არსებობს. ზოგს რეიკარნაციის სჯერა, ზოგიც თვლის რომ რელიგიის მიერ მოცემული დოგმა ბრმად უნდა სწამდეს და ჯოჯოხეთის და სამოთხის გარდა არაფერს განიხილავს. მაგრამ აბსოლუტურად ყველა  ( ათეისტი და საერთოდ გულგრილი ადამიანების გარდა ყველაფრისადმი) ერთ რამეში თანხმდება, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე რაღაც ფორმით აუცილებლად გრძელდება.

თუ დავუჯერებთ რელიგიას, სიკვდილის შემდეგ სულს აუცილებლად აკითხავენ და მიჰყავთ იმ ადგილას, სადაც დაიმსახურებს სიცოცხლეში გაკეთებული საქმეების მიხედვით. მაგრამ მაშ რა ვუყოთ სულებს, რომლებიც ორ სამყაროს შორის არიან გაჭედილი და საიქიოსკენ მიმავალ გზას ვერ პოულობენ? არსებობს ამის ათასი ფაქტი და დადასტურება, რასაც იგნორს ვერ გავუკეთებთ. ბოროტი და კეთილი სულები. რა მოსდით მათ სიკვდილის მერე? რატომ ვერ პოულობენ გასასვლელს გარადცვლილთა სამყაროსკენ? თუ მოჩვენებებად ჩვენ აღვიქვამთ, სინამდვილეში კი ეშმაკისეული ბოროტი ძალები და დემონები არიან? ამ კითხვებზე დამაჯერებელი და დამტკიცებული პასუხი ჯერ ვერავის უპოვნია.

ესეც უცაბედად დაჭერილი მოჩვენებები კამერებზე, რის რეალობაზეც პასუხს არ ვაგებ, მაგრამ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ერთს ვიტყვი, ჩემზე სკეპტიკოსი ადამიანი და ე.წ “ურწმუნო თომა” ყველა საკითხში ჯერ არ დაბადებულა მგონი, შეიძლება ეს შენიშვნა უადგილო იყო ამ მისტიკურ პოსტში, მაგრამ მაინც :)

 

ვიდეოს ყველა წამს კარგად დააკვირდით. განსაკუთრებით ბოლოს დაინახავთ იმას, რასაც ელოდით.

მაიკლ ჯექსონის მოჩვენება ვიდეოზე ინტერვიუს ჩაწერის დროს დაფიქსირდა და როგორც სკეპტიკოსებს გვაჯერებენ, ვიდეო მთლიანად შესწავლილია,და დაუმატებელია, მისი გაყალბება შეუძლებელია და რაც მთავარია მასზე ხმაური არაა, და მოჩვენება, როგორც ადამიანს მთლიანი სხეულის აგებულება არ გააჩნია, შეუძლებელია ყალბი იყოს. თქვენ განსაჯეთ.

და მაინც არსებობენ თუ არა მოჩვენებები?

 

Alice

Published January 5, 2012 by Dark princess

“ალისა საოცრებათა ქვეყანაში” ! როდესაც ამ სიტყვებს ვიგებთ, აუცილებლად გვახსენდება ორმოცდაათიან წლებში გადაღებული დისნეის საყვარელი მულტფილმი შესანიშნავი გრაფიკით, ნახატებით და პატარა ქერათმიანი ნაზი გოგონათი. ( ალისა, ისევე როგორც დისნეის ნებისმიერი მულტიპლიკაცია, დღემდე ჩემს საყვარელ ანიმაციად რჩება).

მაგრამ თანამედროვე სამყარომ ალისა შეცვალა, ჩემი აზრით უფრო რეალური და ამ დროისთვის შესაფერისი გახადა, შეიძლება ითქვას კიდეც, რომ დახვეწა და სულ რამდენიმე წელია რაც ალისა სისხლისმსმელ, შურისმაძიებელ მეომრად დაგვიხატეს თამაშში :   American McGee’s Alice. თუ არ ვცდები ეს თამაში საკმაოდ ძველია და ახლა მეორე ნაწილი გამოვიდა მისი.

ალისა მე აქ უფრო მომწონს, უფრო ჩემი გემოვნების შესაფერისი გმირია. მეომარი, ძლიერი. 

თამაშის მეორე ნაწილი 2011 წელს გამოვიდა და მას  Alice: Madness Returns ჰქვია. გეიმერებს დარწმუნებული ვარ ორივე ნაწილი ეყვარებათ, და imdbს შეფასებაც იგივეს ამბობს :)

აი ასე განიცადა პატარა, ნაზმა მომღერალმა გოგონამ ლეგენდარული ლურჯი კაბით ტრანფორმაცია და გახდა შავბნელი, სისხლის მოყვარული და ძლიერი პატარა მონსტრი :)

ალისას თემა დღემდე ძალიან პოპულარულია მთელს მსოფლიოში და რა თქმა უნდა ანიმე სამყაროშიც, სადაც ანიმატორები მის ათასნაირ ვარიაციას ხატავენ.

 

ალისა ჩემი დღემდე ყველაზე საყვარელი და ჩემთვის ყველაზე იდუმალი გმირია.

ძალიან გამიხარდა 2010ში რომ გამოვიდა მისი ახალი რიმეიქი Alice in wonderland და სწორედ ისეთივე შავბნელი, უცნაური ელემენტებით გაფორმებული აღმოჩნდა, როგორიც მე წარმომედგინა, და რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებითაც ვუყურე. მართალია ალისა უფრო ნაზი სახის ნაკვთებით და ბოროტი, იდუმალი გამოხედვით წარმომიდგენია, ვიდრე მია ვასიკოვსკაა, მაგრამ ფილმში მისმა კაბებმა ისე მომნუსხა, დღემდე იმ კაბებს მივტირი :)

ფილმმა ორი ოსკარი აიღო და სრული ინფორმაციისთვის გიტოვებთ იმდბს ლინკს  http://www.imdb.com/title/tt1014759/

ფილმი კი შეგიძლიათ აქედან გადმოწეროთ :)

მე და მისტიკა

Published January 4, 2012 by Dark princess

მე და მისტიკა უკვე შესისხლხორცებული ცნებები ვართ ერთმანეთთან და ჩვენი გაყოფა აწი ალბათ შეუძლებელი იქნება. ჯერ კიდევ ბავშვობაში ვერავინ მწყვეტდა ტელევიზორს, როცა საშინელებათა კინო გადიოდა.

არა მარტო ჩემთვის, ალბათ მრავალი თქვენგანისთვის ძალიან საინტერესოა ნებისმიერი მისტიკური თემა. მითუმეტეს, ბოლო დროის ტელეშოუებმა და ფილმებმა ეს ტენდენცია აირჩიეს ძირითადად. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ იმას, რაც ბავშვობიდან მაინტერესებდა, დღეს უამრავ სერიალში და ფილმში ხორცი შეასხეს და უფრო საინტერესო გახადეს. ყოველთვის მიყვარდა  ვამპირებთან, დემონებთან, მაქციებთან, მოჩვენებებთან და სულებთან, პოლტერგეისტებთან და ანგელოზებთან დაკავშირებული ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი… მაგრამ როგორც ვახსენე ვამპირებიც და მაქციებიც იმდენჯერ გამოიყენეს, რომ უკვე ძალიან გაუბრალოვდა და მგონი მთლიანადაც ამოწურეს..

ასევე დღემდე საინტერესოა ჩაძირული ატლანტიდას, მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციები, ბერმუდის ამოუხსნელი საიდუმლოება და ა.შ. მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა, რასაც სხვა დროს მივუბრუნდები :)

ჰოდა გავიზარდე, ჩემი ეს გატაცება სხვა რამეში გადაიზარდა, ძირითადად მუსიკალურ მიმართულებაში. დიდი როლი ითამაშა ჩემი სტილის არჩევაში და გემოვნების ჩამოყალიბებაში. მივეჩვიე როკს, გოთიკას, მეტალს.

ძალიან მიყვარს მელოდრამები, დრამები, კომედიები, მაგრამ ვეღარ ვუყურებ და რა ვქნა. რაღაც ახალი საშინელებათა კინოს ძიებაში ვარ მუდამ და ძირითადად ვუყურებ იაპონურ, კორეულ საშინელებათა ფილმებს.

უი ახლა გამახსენდა supernatural ის ერთერთი სერია, მგონი მეექვსე სეზონიდან. მგონი კი არა მეექვსედან. დინი და სემი რომ ჩვენს სამყაროში მოხვდებიან, სადაც მაგია არ მოქმედებს, და ყველაფერი ზედმეტად რეალურია. ჰოდა ასეთი წარმოდგენა მაქვს მეც ჩვენს სამყაროზე. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს მისტიკა, და ვიცი რომ ბევრი რამე ხდება, ჩემს ურწმუნობას ამ საკითხში ვერაფერი მოვუხერხე. მგონი ზედმეტად რეალურია ჩვენთან ყველაფერი იმისთვის, რომ არარეალური იყოს :)

 

აბა ასეთ პოსტზე როგორ შეიძლება არ დავტოვო ასეთი მშვენიერი სიმღერა :)

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.