Archives

All posts for the month February, 2012

ჩემი ანიმე სამყარო

Published February 27, 2012 by Dark princess

ანიმეს ყურება დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე და იმდენად შემიყოლია, ახლაც ვერ დამინებებია თავი. მას მერე გაჩნდა არა მარტო ჩემს კომპიუტერში, არამედ ტელეფონშიც ათასნაირი ანიმეს სურათი და მათი საუნდტრეკები. უბრალოდ არ შემიძლია მათი ყურების, მათი სახეების, მათ გარეშე ცხოვრება საერთოდ. რამდენიმე ანიმე გოგონა მეც დავხატე, მაგრამ გაგრძელება დამეზარა, თორემ საკმაოდ წარმატებულად გამომივიდა :)

ანიმეს თითქმის ყველა ჟანრი ძალიან მიყვარს და ძალიან მშობლიურია ჩემთვის (არა რაა, იაპონიაში უნდა დავბადებულიყავი) :) დღეს მინდა რამდენიმე ჩემი ფავორიტი ანიმე შემოგთავაზოთ. ყველაზე პირველი, რამაც ფეხი შემადგმევინა მათ საყვარელ, ულამაზეს და მინიატურულ სამყაროში, იყო Vampire Knight. ნამდვილად არ ვიცი საიდან გადავწყვიტე მეყურებინა, მაგრამ ჯერ მეორე სეზონს ვუყურე, Vampire Knight guilty და მერე პირველს. სწორედ ამ სერიალიდან დაიწყო ჩემი ანიმეგანათლება :)

Vampire Knight მიეკუთვნება რომანტიკას, დრამას, ზებუნებრივს, სკოლის ცხოვრებას, სიოძოს.

მოქმედება ხდება კროსის აკადემიაში, სადაც არის დღის და ღამის ცვლები. დღის ცვლებში ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები სწავლობენ, ღამის ცვლებში კი მშვენიერი გარეგნობის მოსწავლეები, რომელთა საიდუმლოც მათმა მცველმა, იუკი კროსმა იცის. მას ეხმარება ვამპირების დაცვაში ზერო, რომელიც ვერ იტანს ვამპირებს გარკვეული მიზეზების გამო. მთელი ანიმე იუკიზეა აგებული. ანიმე არის ძალიან რომანტიული, საკმაოდ სისხლიანიც და სასიამოვნოდ და საინტერესოდ საყურებელი. რაც მთავარია აქვს გენიალური საუნდტრეკები. ესეც მისი სურათები და ტრეილერი :)

 

მეორე ანიმე, რომელმაც ჩემს გონებაში გადატრიალება მოახდინა და ასეთი დრამა და ასეთი სისხლიანი ანიმე მგონი საკმაოდ იშვიათია არის elfen lied.

უნივერსიტეტის სტუდენტები კოტა და იუკა გადაარჩენენ დიკლონიუს გოგონას, რომელიც არის ძალიან საშიში მკვლელი და ის სრულ იზოლაციაში ჰყავდათ მოქცეული. გოგონას ქვია ლუსი და ის წარმოადგენს ერთერთ ყველაზე საშიშ დიკლონიუსს. დიკლონიუსები ჰგვანან ადამიანებს, თუმცა აქვთ პატარა რქები და უამრავი უჩინარი ხელები, რითაც დიდ მანძილზე შეუძლიათ მისწვდნენ მსხვერპლს და საშინელი სიკვდილით მოკლან. ლუსის გაორება ჭირს. ის ხან საზარელი მკვლელია, ხან კი  პატარა, სრულიად ბრიყვი ბავშვი, რომელიც სიტყვა “ნიუს” გარდა არაფერს ამბობს და შესაბამისად ნიუს ეძახიან.

მესამე ანიმე კი რომელზეც მინდა მოგიყვეთ არის Air. ამდენი ყველა სერიაზე არც ერთ ანიმეზე არ მიტირია. ესაა ერთერთი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული დრამა, რაც კი რამ მიყურებია და ყველას გირჩევთ ყურებას. ჩემი უპირველესი ანიმეა.

იუკიტო კუნისაკი მარტო მოგზაურობს, რათა იპოვოს გოგონა, რომელსაც ფრთები აქვს და ცაში დაფრინავს. მას ამ გოგონაზე დედამ მოუყვა და ბავშობიდან მის ძიებაშია. ის ერთ პატარა ქალაქში ჩერდება, რათა საარსებო ფული იშოვოს. იქ იუკიტო შეხვდება უცნაურ გოგონას, რომელსაც მისუზუ კამიო ჰქვია. მისუზუ უცებ უმეგობრდება და სთავაზობს რომ მასთან და მისუზუს დედასთან ერთად იცხოვროს…

ანიმე არის ძალიან ტრაგიკული, საკმაოდ ორიგინალური, უცნაური და ცოტა არ იყოს გაუგებარი. ეს თავიდან, თუმცა კარგი დაკვირვების მერე ყველაფერი ნათელი ხდება. ყველას გირჩევთ უყუროთ ამ უმშვენიერეს ანიმეს.

 

რა არის ჩემს ჩანთაში

Published February 25, 2012 by Dark princess

დავიწყებ იქიდან რომ მსგავსი პოსტები და ვიდეოები ბევრი დაიდო ინტერნეტ სივრცეში. მეც მინდა გიამბოთ რას ვატარებ ჩანთით.

ჩანთა ძალიან ბევრი მაქვს, და მათი შეგროვებაც ძალიან მიყვარს. მათგან უკვე რამდენიმეს ვხმარობ, მაგრამ ეს ბოლო დღეებია ერთი ჩანთა ძალიან მაქვს აჩემებული, თითქმის ორი კვირა  ვატარებ, როცა ერთი და იგივე ჩანთას დიდხანს ვერასდროს ვგუობ, თუ არ ვცვალე.

 

პირველ რიგში რაც ჩემს ჩანთაში მუდამ და შეუცვლელად არის უკვე ბოლო 10 წელია არის ერთი პომადა მაინც და პატარა სარკე. სულ რამდენიმე ხანია რაც გადავეჩვიე მთელი ჩემი პომადების ერთი ჩანთით ტარებას და ერთ კონკრეტულ პომადას ან “ბლესკს” ვატარებ ხოლმე :)

 

რა თქმა უნდა ყველასთვის განუყრელი ატრიბუტი საფულე. მართალია ჩემმა კატამ ერთი თვალი დაკარგა, მაგრამ მაინც მიყვარს :)

ჩემი პატარა, ფუმფულა  კურდღელი-ფლეშკა :)

 

რადგანაც ზამთარია, ხელთათმანებს არ ვღალატობ ;)

 

ეივონის  ”perceive” თუ არ ვცდები, რომელიც ჩემს ჩანთებში ალბათ მთელი ორი წელია განისვენებს და ნახევრამდეც არაა დაცლილი :D

 

ჩემი განუყრელი ერთჯერადი ხელსახოცები.

გასაღებების ასხმულა,რომელიც დაახლოებით ნახევარ კილოს იწონის :)

და აი აქ უნდა ყოფილიყო ჩემი უსაყვარლესი ტელეფონი, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომედგინა, სადაც დაწყობილი მქონდა ყველაფერი როგორც მე გამიხარდებოდა, რაც იყო ჩემი სიცოცხლის მთავარი შემადგენელი ნაწილი და რაც მთავარია ყურთსასმენები, რომლებიც უბრალოდ რას წარმოადგენდნენ ჩემთვის არ ვიცი. მაგრამ გაფუჭდა და სანამ ახალი მექნება, შემრჩა უძველესი სამსუნგი, რომელიც მოვრთე და რაღაცას მაინც დაემსგავსა. სამაგიეროდ მე უკვე ორი კვირაა დავდივარ ცხვირჩამოშვებული და ყოველ ღამე სიზმარში ტელეფონებს ვნახულობ ;(

ესეც ჩემი განსვენებული ტელეფონი :(

ეს კი უკომენტაროდ :(

მოკლედ ეს იყო ის ნივთები, რასაც ყოველდღე ვატარებ ჩანთით. იმედია მოგეწონათ. ახლა კი ჩემს ტრადიციას არ ვუღალატებ :)

ართურ კონან დოილი- ბეცი ინდოელის საქმე (დასასრული)

Published February 22, 2012 by Dark princess

საკასაციო სასამართლო მაშინ არ არსებობდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ უსამართლოდ დასჯილთა დამცველი ართურ კონან დოილი იყო. ჯორჯ ედალჯიმ მისწერა კონან დოილს და დახმარება სთხოვა.

ართურმა მასალების გულმოდგინე და დაწვრილებითი ძიება დაიწყო. პროცესის ყველა მონაწილესთან გააჩაღა მიწერ-მოწერა და უზუსტობათა ახსნას ითხოვდა. გაიგო, რომ ჯორჯის საპარსი სრულიად სუფთა იყო, ხოლო სისხლის ლაქები ქურთუკზე შეიძლებოდა შემწვარი ბიშტექსის კვალი ყოფილიყო.  ასევე გაიგო, რომ ცხენის ბეწვი ქურთუკზე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც პოლიციელმა ცხენის ტყავი და ეჭვმიტანილის ტანსაცმელი ერთად გაახვია.

კონან დოილმა ასევე შენიშნა, რომ ცხენის მოკვლამდე რამდენიმე საათით ადრე წვიმდა და ჯორჯი, რომელსაც ფეხით მოევლო სამეზობლო, ადვილად დაისვრებოდა ახალი ტალახით.  ყვითელი თიხის კვალი კი, რომლითაც ცხენი იყო დასვრილი, ეჭვმიტანილის მხოლოდ ერთ ჩექმაზე დარჩენილიყო, სწორედ იმაზე, რომელსაც პოლიციელი დანაშაულის ადგილზე ნაკვალევს აზომავდა. არადამაჯერებელი აღმოჩნდა აგრეთვე ანონიმური წერილების ავტორობა. ერთი წლის მერე კონან დოლი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მოხდა უმძიმესი სასამართლო შეცდომა. ამ დროისთვის მან უკვე შეისწავლა ყველა ფაქტი და დაკითხა ყველა საქმის მონაწილე.

მისთვის ედალჯის უდანაშაულობა საბოლოოდ დამტკიცდა იმით, რომ ვიზიტზე მისულ ედალჯს შეამჩნია, როგორ კითხულობდა გაზეთს ახლოს. და გაიგო, რომ ის არა მარტო ძლიერი სიბეცით, არამედ ასტიგმატიზმითაც იყო შეპყრობილი. მსგავსი მხედველობის კაცისთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ღამით მინდვრად სირბილი და ცხოველების ხოცვა.

სულ ცოტა ხნის მერე “დეილი ტელეგრაფში” გამოჩნდა სტატიის პირველი ნაწილი ჯორჯ ედალჯის შესახებ. ართური სტატიაში ნაბიჯ-ნაბიჯ აბათილებდა ყველა ბრალდებას და ედალჯის წინააღმდეგ განხორცილებულ რასობრივ დისკრიმინაციაში სდებდა პოლიციას ბრალს.  ლანძღავდა და სააშკარაოზე გამოქონდა უუნარო პოლიციელების ყველა საშინელი ქმედება.

მწერლის სტატიებმა მთელ ქვეყანაში სენსაცია გამოიწვია და საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენით საიმინსტრო იძულებული გახდა საქმის გადამსინჯავი კომისია დაენიშნა.

კონან დოილი ამას არ დასჯერდა, გადაწყვიტა ნამდვილი დამნაშავე ეპოვნა და სულ მალე მიხვდა, რომ სწორ გზაზე იდგა. ახლა მას დაუწყეს მუქარით სავსე ანონიმური წერილების გამოგზავნა. კვალი აპოვნინა წერილმა, სადაც აგდებულად იყო მოხსენიებული უოტსოლის სკოლის ყოფილი დირექტორი. იმ სკოლის, რომლის მოპარული გასაღებიც ედალჯის კარებთან იპოვეს.  გამოიკითხა, იმ წლებში დირექტორი რომელ მოსწავლეს სძულდა, ვინ იყო თავისი ცუდი საქციელით ცნობილი და ვინ წავიდა სკოლის დამთავრების მერე ფლოტში. კონან დოილმა მას პირობითად პიტერ ჰადსონი უწოდა.  გაიგო, რომ ეს ყმაწვილი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში წერდა ანონიმურ წერილებს და ხუმრობით სწავლობდა დანით დასერვას. სკოლიდან გაერიცხათ, როგორც გამოუსწორებელი და შემდეგ ფლოტში წასულიყო და საქონლის გადასაყვან გემზე დაეწყო მუშაობა.

ართურის დასკვნა იმის შესახებ, რომ ამ საქმეში დამნაშავე დაკავშირებული იყო ზღვასთან- შერლოკისეული საუკეთესო გადაწყვეტილების დონეზე დგას. მან შენიშნა, რომ ყველა წერილში ნახსენები იყო მეზღვაურის ბედნიერი ცხოვრება. აგრეთვე წერილში ერთერთი ყალბი ბრალდება ედალჯის მიმართ ემყარებოდა ბელკპულის გაზეთის ყალბ ჩვენებას. ის ცნობილი კურორტია ლივერპულთან, საიდანაც დამნაშავემ დაიწყო მოგზაურობა.

ბოლოს კი მწერალმა მოახერხა დიდი ვეტერინარული ლანცეტის აღმოჩენა, რომელიც ჰადსონის კუთვნილება იყო. ართური წერდა, რომ ცხენს ყველა ჭრილობა ზედაპირულად ჰქონდა მიყენებული. გადაჭრილი იყო ტყავი და ძარღვები, მაგრამ შინაგან ორგანოებს არ აღწევდა. მახვილი პირის დანა აუცილებლად დააზიანებდა შინაგან ორგანოებს, ლანცეტს კი პირი მრგვალი ჰქონდა და ეს იყო მკვლელობის ერთადერთი იარაღი.

ართურ კონან დოილის მიერ ჩატარებული ბრწყინვალე გამოძიების, ანალიზისა და დედუქციის სიზუსტის წყალობით მოხდა საქმის სრული გადასინჯვა. სამინისტროს მოუხდა აღიარება, რომ ჩადენილია შეცდომა და ეჭვმიტანილს ბრალდება მოუხსნეს. მოხდა ედალჯის სრული რეაბილიტაცია, მას წოდებაც დაუბრუნეს და ბოდიშიც მოუხადეს.

ართურ კონან დოილის დამსახურება დიდი იყო, რადგან ამ შესანიშნავი გამოძიებით მან მიაღწია იმას, რომ ინგლისში შეიქმნა ის, რასაც ხალხი დიდი ხანი ელოდა _ ეს გახლდათ საკასაციო სასამართლო.

ართურ კონან დოილი- ბეცი ინდოელის საქმე

Published February 20, 2012 by Dark princess

მას მერე, რაც ართურმა ხელი მოკიდა დედუქციურ მეთოდებზე დაფუძნებულ დეტექტივის წერას, რომელმაც უდიდესი სახელი მოუტანა, თვითონაც თავიდან ფეხებამდე გადაეშვა კრიმინალისტიკაში და შესანიშნავი მეცნიერი-მკვლევარი გახდა. შერლოკ ჰოლმსმა ავტორის ფარული ნიჭი გამოავლინა და ართურსაც მეტი არაფერი ახსოვდა. მან თავისი შესანიშნავი დამკვირვებლური მეთოდებითა და დედუქციით მთელი ევროპისა და აზიის კრიმინალისტიკაზე დიდი გავლენა მოახდინა და მისი სახელი ეწოდა კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას საფრანგეთის ქალაქ ლიონში. ეგვიპტის, ამერიკისა და საფრანგეთის პოლიცია დიდი დაკვირვებით სწავლობდნენ მის მეთოდებს თვით თამბაქოს ხარისხის განსზაღვრებიდან დამნაშავის სამოსის ნაკეცებში ჩარჩენილი მტვრის გამოკვლევამდე.

“შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალის” შექმნის ისტორიას  და ართურ კონან დოილის  ნიჭის გამოვლინების შესანიშნავ ფაქტებს კიდევ შემოგთავაზებთ, იქამდე კი მინდა მის ერთერთ ყველაზე გახმაურებული საქმეზე მოგიყვეთ. ართური მხოლოდ თავისი გენიალური დეტექტივით კი არა , არამედ საკუთარი, წარმატებულად გამოძიებული საქმეებითაც გახდა ცნობილი.

მისი ერთერთი ძალიან დიდი წარმატებით განხორციელებული გამოძიება- ედალჯის საქმეა.

1903 წლის ზაფხულის ერთ დილას, ბირმინჰემის მახლობლად დაბის ერთერთმა მცხოვრებმა საზარელი სურათი იხილა. ტრიალ მინდორში სისხლის გუბე იდგა და შიგ ცხენი ცურავდა. მას მუცელზე დიდი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

პოლიციას დიდი ხნის ფიქრი არ დასჭირდა. მაშინვე შეიპყრო დამნაშავე. ადგილობრივი მღვდლის შვილი, ბირმინჰემელი ვექილი – ჯორჯ ედალჯი.  ჩხრეკის დროს სამხილის სახით ეჭვმიტანილს საპარსის ბუდე, წყვილი ჩექმა, ლაფით მოსვრილი შარვალი და დალაქული ძველი საშინაო ქურთუკი უპოვეს.  ქურთუკზე აღმოჩნდა ცხოველის სისხლი. პოლიციამ აგრეთვე დამტკიცებით დაადგინა ჯორჯის ჩექმის ზომა, რომელსაც ჩალის ღერებით ზომავდნენ, თუმცა ამ გაზომვის დროს რბილი, ნაწვიმარი მიწა ერთიანად იყო გადათელილი პოლიციელებისა და ცნობისმოყვარეთა ფეხსაცმელებით.

ახალგაზრდა ინდოელი ვექილი დაიჭირეს და ჰკითხეს, წინა საღამოს სად იყო. მან მიუგო, რომ სამუშაოს დამთავრებიდან ცხრის ნახევრამდე ფეხით იარა და ნაცნობები მოინახულა. თანაც იმ რაიონში, სადაც მკვლელობა მოხდა. მერე ვივახშმე და დავწექიო.

როდესაც ბრალდებული სასამართლოში მიჰყავდათ, ეტლს თავს გახელებული ბრბო დაესხა და კინაღამ დალეწეს.

აღმოჩნდა რომ მოსახლეობა “ფერად” ინდოელს და მის ოჯახს დიდად არ სწყალობდა და ესეც კანის ფერის გამო. ჯორჯი საკმაოდ კარჩაკეტილი, გულჩახვეული კაცი იყო და დროსტარებას და საზოგადოებაში ყოფნას ერიდებოდა. თან არც სვამდა და არც ეწეოდა. გარდა ამისა მის ოჯახთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელია სკანდალური ამბები არ წყდებოდა. ხან მისი ხელმოწერით ვიღაც შეურაცხმყოფელ, მუქარის წერილებს იღებდა. ხანაც მის კარზე სკოლის მოპარული გასაღები აღმოჩნდებოდა ხოლმე. ბოლოს დაბაში დაიწყო პირუტყვების ხოცვა, პოლიციაში კი ხელმოუწერელი, ანონიმური წერილების ნიაღვარი მიედინებოდა, რომელთა ავტორიც იმუქრებოდა, ცხენების მერე გოგონების რიგი დადგებაო. ზოგიერთ წერილში პირდაპირ ასახელებდნენ და ცხენის მკვლელად ჯორჯ ედალჯის. ამიტომაც მღვდელსა და მის მთელს ოჯახზე მკაცრი ზედამხედველობა დაწესდა.

ჯორჯ ედალჯი გაასამართლეს და შვიდი წლით საკატორღო სამუშაო მიუსაჯეს. მისი სახელი კი ინგლისის იურისტების სიიდან ამოშალეს. ამაოდ ცდილობდნენ მისი მეგობრები, ოჯახის წევერები და კეთილისმსურველები საქმის ხელახალი გადასინჯვისათვის მიეღწიათ. ვერ უშველა ვერც გაზეთმა, რომელიც მის დამცველად გამოდიოდა და ვერც პეტიციამ, რომელზეც ხელი ათი ათასობით ადამიანმა და  ასობით იურისტმა მოაწერა. მაგრამ უეცრად სამი წლის მერე ჯორჯი გაათავისუფლეს. ყოველგვარი ახნსა-განმარტებისა და სამოქალაქო უფლებების აღდგენის გარეშე. ის ისევ შეუწყალებელ დამნაშავედ დარჩა, რომელიც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა…

(გაგრძელება იქნება :) )

ლამაზი სურათები

Published February 18, 2012 by Dark princess

როგორც უკვე ვახსენე, ძალიან მიტაცებს სურათების გადაღება და მათი დაფოტოშოპება. თუმცა ამ ბოლო დროს ძალიან გავზარმაცდი და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ლამაზ სურათებს ვიღებ, მეზარება ხოლმე ეფექტების და ფერების შერჩევა.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მეგობრის მიერ გაკეთებული ბუნების ულამაზესი ფოტოები, და მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად გამოსდის და მისი ნამუშევრები ჩემს კომპიუტერშიც მრავლადაა :)

 

 

 

 

ახლა კი გიტოვებთ ულამაზეს სიმღერას, რომელიც უკვე ორი დღეა აჩემებული მაქვს და ყველას გირჩევთ უყუროთ un monstre a paris.

 

ფერიები და ლეგენდები

Published February 16, 2012 by Dark princess

როდესაც სიტყვა “ფერია” გვესმის, თვალწინ მაშინვე წარმოგვიდგება ძალიან ლამაზი პატარა და გამჭვირვალე არსება, რომელსაც ასეთივე გამჭვირვალე ფრთები აქვს და უსაზღვროდ კეთილია. ყოველ შემთხვევაში მე ასე წარმომიდგენია დღემდე. თუმცა ფერიები სხვადსხვა ქვეყნის სხვადასხვა მითოლოგიებში თუ ლეგენდებში ხანდახან მთლად ისე უწყინრად არ მოიხსენიებიან, როგორც ჩვენ გვგონია.

ფერიების არსებობა დღემდე სადავო საკითხია. თუმცა საკმაოდ სკეპტიკური. მეცნიერების და ჩვეულებრივი ადამიანების უმრავლესობას არ სჯერა თუ ისინი ოდესმე არსებობდნენ, რაც რამდენიმე წლით დაანგრია 1917 წელს ელსი რაიტის და ფრენსის გრიფიტსის გადაღებულმა ფოტოებმა, რომლებსაც ცნობილი მწერალი ართურ კონან დოილი იკვლევდა. მან რატომღაც დაამტკიცა რომ ფოტოები რეალური იყო და გოგონებმა მართლაც აღბეჭდეს ფერიები. თუმცა უკვე ხანში შესულმა ელსიმ და ფრენსისმა აღიარეს, რომ ფოტოებთან და ფერიებთან დაკავშირებული ისტორია უბრალოდ ფარსი იყო.

არსებობს მრავალი ლამაზი მითი და ლეგენდა ფერიების შესახებ, მე მინდა ერთერთ მათგანზე მოგითხროთ.

პატარა, მისტიკურ ლეგენდებსა და მითებში ჩაძირული ქალაქი გლასტონბარი, რომელიც ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ნამდვილი ლეგენდებისა და ჯადოსნური ამბების სამშობლოა. პირველად დასახლებული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500 წელს და დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა პილიგრიმების საცხოვრებლებს, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულები უძველეს დრუიდებთან. ისინი გლასტონბარში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1000 წელს ცხოვრობდნენ. სწორედ ამ უძველესი დროიდან მოყოლებული გლასტონბარმა ეივბართან და სტოუნჰენჯთან ერთად ინგლისის მისტიკური სამკუთხედი შექმნა.

გლასტონბარი ცნობილია თავისი  გლასტონბარის ბორცვით. მასთან დაკავშირებულია ბევრი ლეგენდა. ზოგ ადამიანს სჯერა, რომ ის ერთ დროს ცნობილი ავალონის კუნძული იყო. მას შემდეგ მას ბევრჯერ აიგივებენ მეფე არტურთან, თუმცა კიდევ ბევრს სჯერა რომ ის ფერიების ბორცვია.

გლასტონბარის ბორცვი დიდ ფართობს იკავებს ქალაქში. ბევრი ადამიანი ამ ბორცვს მისი მონუმენტის წყალობით ცნობს. მონუმენტი წარმოადგენს გადაუხურავ წმ. მაიკლის სახელობის კოშკს, რომელიც იქ შუა საუკუნეებში აშენდა. ზოგი კი მას მის ფერდებზე გაყვანილი ლაბირინთის მეშვეობით ცნობს. ბორცვი ავალონს და მეფე არტურს დაუკავშირეს 1911 წლიდან, მას მერე რაც იქ აღმოაჩინეს არტურის და მისი ცოლის აკლდამები. კუბოები მას მერე აღმოაჩინეს რაც გლასტონბარის ცეცხლით განადგურებულ სააბატოს აღდგენდნენ. კუბოებთან ერთად აღმოჩნდა ტყვიის ხმალი წარწერით “აქ, კუნძულ ავალონზე, განისვენებს ცნობილი მეფე არტური”.

აქვე არსებობს მეორე, მყარი რწმენა, რომ ბორცვი ეკუთვნის ფერიების მეფეს და ბორცვის წვერი წარმოადგენს ჯადოსნურ ადგილს ფერიებისთვის. კარგად ნაცნობი კელტური ლეგენდა გვამცნობს რომ ბორცვი წარმოადგენს სიცარიელეს, სადაც არის კარი, რომელსაც მიწისქვეშა სამეფოში  ჩავყავართ, ფერიების მეფე Gwyn ap Nudd თან. ( სახელი ვერ გადავთარგმნე :) )

არსებობს აგრეთვე სხვა მოსაზრებაც, რომ სიტყვა Avalon არის ნაწარმოები სიტყვისგან Avallah, რომელიც არის კელტური მიწისქვეშეთის ღმერთი. გლასტონბარის ბორცვი ასევე იწოდება, როგორც ჯადოსნური მთა. ის მოიხსენიება Annwnის ან ავალონის კარიბჭედ, რომელიც ფერიების სამეფოა.

გლასტონბარი მისტიკით  სავსე ქალაქია, მაგრამ  ლეგენდა ფერიებზე და მათ სამეფოზე დღემდე მყარად რჩება მის მთავარ ლეგენდად.

Real ghosts on tapes

Published February 13, 2012 by Dark princess

წინა პოსტში შემოგთავაზეთ მოჩვენებების დამტკიცებული და შესწავლილი სურათები, რომლებიც ძალიან პოპულარულია ინტერნეტ სივრცეში და მსოფლიოში. ახლა კი გიჩვენებთ ვიდეოებს, რომლებზეც მოჩვენებები დაფიქსირდნენ.

აქ მინდა შევნიშნო, რომ ამ ვიდეოებს რამდენიმე საათის განმავლობაში ვეძებდი, რომ რამე ახალი და ცოტა რეალური მომეწოდებინა თქვენთვის. უმეტესობა, რაც პოპულარულია, ან ნანახი გექნებათ, ან არც ისეთი რეალურია. რაც ოდნავ რეალურად და განსხვავებულად მომეჩვენა, იმას გთავაზობთ. ნამდვილად საინტერესო ვიდეოებია, თუმცა არ ვიცი მათი სინამდვილე დამტკიცებულია თუ არა.

ამ ვიდეოზე დაფიქსირებულია ინდონეზიურ-მალაიზიური წარმოშობის მოჩვენება, რომელიც იქ განთქმულია პოკონგის სახელით. პოკონგს ეძახიან მოჩვენებას, რომელიც თავის სახვევებშია დატყვევებული და სააქაოს ვერ ტოვებს ამის გამო. ინდონეზიაში გარდაცვლილის ახვევენ მთლიან სხეულზე თეთრ ნაჭერს და ისე მარხავენ. მათი რწმენით,  როდესაც სული ვერ თავისუფლდება 40 დღის მერე, ის ამოდის საფლავიდან და იწყებს იმ ხალხის მონახულებას, ვისგანაც ითხოვს გათავისუფლებას. რადგან მას თეთრი ნაჭერი მჭიდროდ აქვს შემოხვეული ფეხებზე, სიარული არ შეუძლია, ამიტომაც ხტის. სწორედ ერთერთი ასეთი პოკონგი დაფიქსირდა კამერაზე.

ორმა მეგობარმა გადაწყვიტა ღამით ტყეში გასეირნება კამერით გადაეღოთ. კამერამ დემონი ან რაღაც გაურკვეველი წარმოშობის არსება დააფიქსირა და მოსეირნეებიც დააფრთხო.

ეს ვიდეო თვითონ გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. ვიდეოში იკვლევენ ქალის მოჩვენების ფოტოს, რომელიც ფერის გამო ოქროსფერი მოჩვენების სახელითაა ცნობილი.

დელ მარის იპოდრომი სამხრეთ კალიფორნიაში ცნობილია თავისი მოჩვენებებით და უცნაური ხმებით. საბოლოო დამამტკიცებელი საბუთი ეს ვიდეოა, რომელიც დააფიქსირა ერთერთი პაბის კამერამ და ამ ვიდეოზე ჩანს შავი დიდი ჩრდილი, რომელიც მთელს დარბაზს კვეთს და ბართან უჩინარდება. ჩატარდა ვიდეოს საფუძვლიანი გამოკვლევები, თუმცა ეჭვი მაინც არავის ეპარება, რომ ეს მოჩვენება რეალურია. ეს ადგილი ისედაც უცნაურობებითაა განთქმული.

თქვენ თუ რაიმე უცნაური პარანორმალური შემთხვევა გადაგხდენიათ თავს, თავისუფლად შეგიძლიათ დააფიქსიროთ კომენტარებში.

მონტესუმას ასული

Published February 12, 2012 by Dark princess

რაიდერ ჰაგარდის “მონტესუმას ასული” ერთერთი ჩემი საყვარელი წიგნია და მისი წაკითხვა არასდროს მბეზრდება. საკმაოდ შემზარავი, თითქოს გახსნილი, მაგრამ ამავდროულად მისტიკით და საიდუმლოებით მოცული რომანი, რომელიც აცტეკების დამხობაზე და ესპანელი კონკისკადორების შემოსევაზე მოგვითხრობს ბელად მონტესუმას ბატონობის დროს.

ნაწარმოების გმირი თომას ვინგფილდია, რომელიც რა თქმა უნდა გამოგონილია. ის წერს მემუარებს ღრმას მოხუცებულობის ასაკში, და აღწერს იმ ყველა საშინელებას, რაც აცტეკების ტომში მთელი ოცი წლის განმავლობაში გაიარა და მათი ბატონობის დამხობის მომსწრეც გახდა. ესპანელი დამპყრობელი კორტესი აცტეკებს მათი აურაცხელი განძისა და ოქროს გამო  დააცხრა თავს, თუმცა განძი დღემდე ვერავის უპოვნია.

რაიდერ ჰაგარდის რომანები საკმაოდ ცნობილია ბევრ ქვეყანაში და რამდენიმე ქვეყანაში რუსულადაც ითარგმნა. როგორც რაიდერს აბრალებენ, ის ხშირად ისტორიულ ფაქტებს ამახინჯებდა და თავისებური, სუბიექტური თვალთახედვიდან აღწერდა, რისგანაც მკაფიოდ განსხვავდება “მონტესუმას ასული”. ის შეიძლება მის საუკეთესო ნაწარმოებადაც ჩაითვალოს. რომანში საკმაოდ მკაცრადაა დაცული ისტორიული ფაქტების სისწორე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ისტორია ავტორის მიერაა შეთხზული  და მისი მონაგონიც ურევია.

ავტორმა მის დასაწერად ბევრი ისტორიული წიგნები, ფაქტები და დოკუმენტები გამოიყენა და გამონაგონი და სინამდვილე ერთმანეთში ოსტატურად გადახლართა. თომას ვინგფილდი მთავარი გმირია, ვისი ისტორიაცაა აღწერილი წიგნში. ის შერეული სისხლისაა, დედა ესპანელი ჰყავდა, მამა კი ინგლისელი. მამამისმა დედამისის გულისთვის ესპანეთში “წმინდა ინკვიზიციას” გაუძლო და ათასი სატანჯველი გამოიარა. თუმცა ცოლი მაინც მოუკლა გულქვა და ბოროტმა მისივე ბიძაშვილმა. თომასი შურის საძიებლად მიდის ინგლისიდან და სწორედ აქედან იწყება მისი ოცწლიანი თავგადასავალიც.

ახლა კი პირადად ჩემი აზრი. ძალიან საინტერესო და იდუმალებით მოცული ნაწარმოებია და საშინლადაა ასახული აცტეკების სასტიკი წეს-ჩვეულებები. მათი სისხლიანი რიტუალები, როდესაც ღმერთ უიცილოპოჩტლის სწირავდნენ უამრავ ხალხს. მათი სისხლიანი რიტუალები კი საბოლოოდ მათ წინააღმდეგ შემოტრიალდა. აღწერილია მათი გარეგანი დიდებულებაც და სისხლიანი, ბნელი ბუნებაც. ( თვითონ აცტეკების ისტორიას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ ). წიგნი უდავოდ ძალიან საინტერესო და ინტრიგულია. ჩემი უსაყვარლესი მომენტი და პიკი კი ისაა, როდესაც დიდებული ვულკანი იშტლახსიუატლი იღვიძებს… ვინც წაიკითხავს, აუცილებლად მიხვდება, თუ რამხელა დიდებულება და  აცტეკი ხალხის რამხელა ტრაგედია იმალება ამ მომენტში.

მკაფიოდაა აღწერილი თითოეული გმირის ღირსებები და ნაკლი, მონტესუმას სილაჩრე და მისი ქალიშვილი ოთომის უდიდესი სულიერი სიძლიერე. თომასი აგრეთვე აღწერს თავის მიერ გამოვლილ დიდ წამებას და ტანჯვას, რაც მას დაატყდა თავს…

მე მთელი სულით და გულით გირჩვევთ ამ შესანიშნავი ნაწარმოების წაკითხვას :)

10 რეალური მოჩვენების ფოტო და მათი ისტორია

Published February 10, 2012 by Dark princess

ჩვენი, ადამიანების გონება ვერ წვდება ისეთ მოვლენებს, რომლებიც რეალობის ზღვარს მიღმაა. იკვლევენ ათას შემთხვევას და ათას ფოტოებს თუ ვიდეოებს, რომლებზეც მოჩვენებები აისახნენ, თუმცა დამტკიცებით დღესაც ვერავინ ამბობს, რა ხდება მაშინ, როდესაც ფოტოაპარატი თუ ვიდეოკამერა აფიქსირებს ისეთ მოვლენას, რაც ჩვენთვის დღემდე აუხსნელია…

დღეს დავწერ რეალურ მოჩვენბებზე, რომლებიც ასევე რეალურ ფოტოებზე აისახნენ სრულიად შემთხვევით :) მე ამ ინფორმაციის სინამდვილეზე პასუხს ვერ ვაგებ, თუმცა ეს ფოტოები მთელი მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობენ პარანორმალური მოველენებით  დაინტერესებულ ადამიანთა შორის…

1. ჯგუფური ფოტო.

 

სამეფო საჰაერო ესკადრონი ჯგუფური სურათის გადასაღებად შეიკრიბა. მაგრამ როდესაც სურათი გამჟღავნდა, მაშინვე შეამჩნიეს, რომ ეს ჩვეულებრივი ფოტო არ იყო. ერთერთი ჯარისკაცის უკან ორი დღის წინათ დაღუპული ფრედი ჯექსონი იდგა. ჯექსონი სამეფო საჰაერო ძალებში მექანიკოსად მსახურობდა. ის ტრაგიკულად დაიღუპა მუშაობის დროს. ფრედი თვითმფრინავის პროპელერმა იმსხვერპლა. თუმცა სიკვდილმა ხელი არ შეუშალა იმაში, რომ ორი დღის შემდეგ ამხანაგებთან ერთად გადაეღო სურათი. ის, რომ სურათზე მისი სახე იყო, რამდენიმე კაცმა უყოყმანოდ დაადასტურა.

2. ქალბატონი სასაფლაოდან.

ეს ფოტო გადაღებულია ილინოისის შტატის ერთერთ სასაფლაოზე. რომელიც დღეს ერთერთ ყველაზე შეპყრობილ სასაფლაოდ ითვლება მსოფლიოში. ერთი შეხედვით ქვაზე უწყინრად და ლამაზად  მჯდომი ქალბატონის უნიკალურობა იმაშია, რომ ფოტოს გადამღები ამტკიცებს, რომ იმ დროს, როდესაც სურათს იღებდა, იქ არავინ იყო. მითუმეტეს იქვე მჯდარი ქალი.  ფოტო გადაღებულია მარი ჰაფის მიერ, რომელიც საკმაოდ დაფასებული მოჩვენებებზე მონადირე საზოგადოების წევრია.

3. კოვბოის მოჩვენება ან საიდუმლოებით მოცული უცნობი.

1996 წელს, ვინმე იკ კლანტონმა  გადაწყვიტა სურათი გადაეღო კოვბოის ფორმაში შემოსილს და არიზონას შტატის ერთერთ სასაფლაოსთან იპოზიორა :) ფოტოს ნახვის შემდეგ მან უცნაური ადამიანი შენიშნა, რომელიც მის უკან იდგა. მისი მეგობარიც და იკიც ირწმუნებიან რომ იმ დროს იქ არავინ იყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ფოტოს ბოლომდე შესწავლა და გამოკვლევა ვერ მოხერხდებოდა, იმიტომ რომ უცნაურ მამაკაცს ფეხები არ უჩანდა :)

4. მოჩვენება ტყეში.

ეს ფოტო ვინმე რევერენდ ბლანკის მიერაა გადაღებული 1959 წელს ავსტრალიაში. ხეების ფონზე ცხადად, მაგრამ გამჭვირვალედ ჩანს ქალი, რომელიც ტყიდან გამოდის. ჩვენს დროში რომ ეს სურათი გადაეღოთ, რა თქმა უნდა ყალბად ჩაითვლებოდა, მაგრამ 1959 წელს ფოტოშოპი არ არსებობდა და ორმაგი ექსპოზიციის ეფექტიც გამოირიცხა, რადგან ქალის გარშემო და  მის უკან მდებარე ტერიტორიაც რეალურად ჩანს.

5. გოგონა ცეცხლში.

1995 წლის 15 ნოემბერს ინგლისში ვემ თაუნ ჰოლში ხანძარი გაჩნდა, რამაც შენობა მთლიანად დაწვა და მისგან მხოლოდ ნანგრევებიღა დატოვა. როდესაც მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს, ერთერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა ამ მოვლენის ფოტო გადაეღო. ბევრი ფოტოდან ერთერთზე გამჟღავნების შემდეგ აშკარად გამოკვეთა პატარა გოგონა, რომელიც პირდაპირ აბრიალებული ხანძრის შუაგულში იდგა და კიბეებიდან იყურებოდა. არავის ახსოვს ხანძარში პატარა გოგონა მოყოლილიყოს და ზუსტად იცოდნენ, რომ იქ არავინ იყო. ზოგიერთს სჯერა, რომ ეს ჯეინ ჩარმის მოჩვენებაა, რომელიც 1677 წელს დაიღუპა მის მიერვე შემთხვევით გაჩენილ ხანძარში.

6. მოჩვენება მანქანაში.

1959 წელს მაბელ კინერი სასაფლაოზე დედამისის საფლავის სანახავად წავიდა.  მან სურათი გადაუღო ქმარს, რომელიც მანქანაში წინ იჯდა და მაბელს ელოდებოდა. სურათის გამჟღავნების მერე მაბელმა საშინელი რამ აღმოაჩინა. ერთერთ სურათზე მისი ქმრის უკან, მანქანის უკანა სავარძელზე მისი გარდაცვლილი დედა იჯდა.

7. ბერი ეკლესიაში.

 

 

1954 წლის ზაფხულში რევერენდ ფორდი ეკლესიის სურათებს იღებდა ინგლისში. სურათების გადაღების პროცესსში მან გადაიღო ერთერთი უდავოდ დამტკიცებული და ძალიან ცნობილი მოჩვენების ფოტო. სურათზე ბერი ჩანს, რომელსაც საშინელი სახე აქვს. ფოტო საფუძვლიანად იქნა გამოკვლეული და დამტკიცებული რომ აქ არ არსებობს ორმაგი ექსპოზიცია და მისი სინამდვილე უტყუარია.

8. მოჩვენება სავარძელზე.

ლორდ კომბერმერი ტრაგიკული ინცინდენტის შედეგად დაიღუპა 1891 წელს. მისი დასაფლავების დროს ოჯახმა დაიქირავა ფოტოგრაფი, რომ გადაეღო მათი საოჯახო სურათები. ლორდი სახლიდან დაახლოებით 4 მილზე დაასაფლავეს, რამაც დიდი დრო წაიღო და ფოტოგრაფმაც ამ ხნის განმავლობაში სურათები გაამჟღავნა. როდესაც ფოტოები გამჟღავნდა, ერთერთზე ლორდი კომბერმერი გამოისახა, რომელიც მის საყვარელ სავარძელზე მოკალათებულიყო. ალბათ კუბო არ ესიამოვნა და… :)

9. ქალბატონი ყავისფერებში.

მოიაზრება როგორც ყველაზე გავრცელებული და ცნობილი მოჩვენების ფოტო.  ის გადაღებულია 1936 წელს რაინჰემ ჰოლში, ნორფოლკში, ინგლისში და დღემდე ამოუხსნელია. ქალის მოჩვენება მოიაზრება როგორც ვინმე დოროთი თაუნშენდი, რომელიც 1700 იან წლებში ქმართან, ჩარლზ თაუნშენდთან ერთად ცხოვრობდა რაინჰემ ჰოლში. მისი სიკვდილის თაობაზე დღემდე სხვადასხვა მოსაზრებაა გავრცელებული.

10. საიქიოს კიბეები.

1966 წელს რალფ ჰარდი ესტუმრა გრინვიჩის ნაციონალურ მუზეუმს. მუზეუმის ერთ ნაწილში ლამაზი კიბეების სურათი გადაიღო. როდესაც სურათები გამზადდა, მან შემზარავი აღმოჩენა გააკეთა. ერთერთ სურათზე გამოსახული იყო მოჩვენება, რომელიც კიბეზე ადიოდა. სურათებიც და ნეგატივიც შეისწავლეს და საბოლოოდ დადგინდა, რომ არანაირ ორმაგ ექსპოზიციას არ ქონდა ადგილი.

და რას ფიქრობთ თქვენ?

რა მოხდა დღეს…

Published February 8, 2012 by Dark princess

დილით ფანჯრიდან რომ გადავიხედე, კინაღამ გული გამისკდა, იმხელა თოვლი დავინახე. მთელი არემარე გადათეთრებული იყო, საერთოდ აღარ ჩანდა ჰორიზონტი და ისევ უხვად ბარდნიდა. თუმცა ასეთი თოვლი მირჩევნია ატალახებულ თოვლს და ტალახს ერთად. ულამაზესი იყო ყველაფერი. ძალიან ლამაზად თოვდა.  გული დამწყდა, რომ ამხელა თოვლის სურათები არ დამრჩებოდა, რადგან ძალიან მალე ვცივდები, გუნდაობასაც ვერ ვიტან და ვინმეს გუნდა რომ ესროლა, მოვკლავდი ადგილზე.

მაგრამ აქ მხსნელი გამომიჩნდა. დღეს სოფო გამოდიოდა ჩემთან და გადავწყვიტეთ ერთად გადაგვეღო სურათები, თან სოფოც ვერ იტანს გუნდაობას, ასე რომ  გაგვიმართლა ორივეს.

ეზოში დავხვდი და კარგადაც ვიმხიარულეთ და კარგი სურათებიც გამოგვივიდა :)

იმხელა თოვლი იდო, გზას ძლივს ვიკვლევდით. თუმცა ბოროტად სადაც კი გაუთელავი და წმინდა თოვლი ვნახეთ, ყველგან გავთელეთ და იმხელა წრეები ვურტყით ეზოს, არსად აღარ დარჩა ხელშეუხებელი თოვლი, ერთი სიტყვით თოვლი შევურაცხვყვეთ :D

თოვლის ბაბუას გაკეთებაც გვინდოდა, და მინიატურული თოვლის ბაბუა გავაკეთეთ, რომელიც ხელის გულზე გვეტეოდა, თუმცა ისიც ვერ გავაკეთეთ ბოლომდე და დაგვეფშვნა :D

ესეც სოფოს მოქარგული თოვლი :)

ასე ვყრიდით ტოტებიდან თოვლს, რომ ლამაზი სურათები გამოგვსვლოდა :)

მოკლედ დღეს ძალიან კარგი და მხიარული დღე გავატარე :)

ესეც განწყობისთვის :)

 

Follow

Get every new post delivered to your Inbox.