აპოკალიფსის შესახებ ახალს ნამდვილად ვერაფერს დავწერ, მაგრამ მინდა მეც შევეხო ამ თემას.
აპოკალიფსი, ანუ მსოფლიო აღსასრული ყოველთვის ხშირად განსახილველი და საინტერესო იყო, არის და იქნება. ვფიქრობ, რომ რაც უფრო დიდი დრო გადის და რაც უფრო მეტად ვვითარდებით, მით უფრო მეტად გვეშინია ქვეყნიერების დასასრულის. ქრისტიანობაში ჩვენ მას ვიცნობთ როგორც “მეორედ მოსვლას” და ვიცით, რომ ოდესმე, იესო ქრისტე ხელმეორედ დაბრუნდება დედამიწაზე და ეს იქნება ყველაფრის დასასრული. შემდეგ დაიწყება საიქიო ცხოვრება და ყველა მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა. შესაბამისად მოხვდება ან სამოთხეში, ან ჯოჯოხეთში.


მეცნიერებაში კი მეორედ მოსვლა სხვანაირად მოიაზრება და მას აპოკალიფსს, ანუ სამყაროს აღსასრულს უწოდებენ.
რადგანაც მეცნიერება მუდამ ეწინააღმდეგება რელიგიას, მისი მიხედვით, სამყაროს რაიმე დიდი კატაკლიზმა: მიწისძვრა, წყალდიდობა, რაიმე ძლიერი ბუნებრივი სტიქია ან დედამიწაზე შემოჭრილი უცხო სხეულები, კომეტა ან სხვა პლანეტა დაღუპავს. ამ ბოლო დროს გავრცელდა ვარაუდი, რომ დედამიწას უცხოპლანეტელების შემოსევა მოუღებს ბოლოს.
2012 წლის მსოფლიო აღსასრული განსაკუთრებით ყურადღების ცენტრშია და ალბათ ნახევარ მსოფლიოს მის ხსენებაზე შიშის იპყრობს.

ერთი პერიოდი მეც ძალიან მეშინოდა და მეგონა, რომ 2012 წლის ბოლოს ყველაფერი დამთავრდებოდა. ამ მასობრივ პანიკას ხელი შეუწყო ფილმისთვის აგორებულმა კამპანიამ. თუმცა დღემდე გვაჯერებენ, რომ რადგან კაციჭამია მაიას ტომმა კალენდარი 2012 წლის 21 დეკემბრით დახურა, ამ დღეს აუცილებლად მსოფლიო აღსასრული დადგება. ასევე ვრცელდება ინფორმაციები პლანეტა ნიბირუს შესახებ, რომელიც დაზუსტებული არაა, და უცხოპლანეტელთა ხომალდების შესახებ, რომლებსაც თვენახევრის წინ უნდა მოვენახულებინეთ, მაგრამ აგვიანებენ მგონი :)

ამჯერად ნამდვილად აღარ მჯერა ამ ინფორმაციის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ზედმეტად ბევრი კატასტროფა და ზედმეტად ბევრი სტიქიური უბედურება ხდება, რაც აპოკალიფსის მოახლოებას კი არ გვაუწყებს, იმას გულისხმობს, რომ ეს მხოლოდ ადამიანების ბრალია. და ეს ხდება იმიტომ, რომ ბუნებრივი რესურსები თითქმის სულ ამოვწურეთ, გავანადგურეთ, დავარღვიეთ ყველაფერი და დავანგრიეთ, სადამდეც კი ხელი მიგვიწვდა. ჩემი აზრით, კაცობრიობამ მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოს და თუ ატლანტიდასავით წყალი დაგვფარავს ან მიწისძვრა დაგვანგრევს, ეს ისევ ჩვენი ბრალი იქნება, რადგან დედამიწიდან აღარაფერი დავტოვეთ.
ჩემი აზრი კი ასეთია. ადამიანი ქვეცნობიერში მუდამ ფიქრობს და ეშინია სიკვდილის. მეც არ ვარ გამონაკლისი. სიკვდილის საშინლად მეშინია. ეს ბუნებრივიცაა. ადამიანებს, რომლებსაც სიკვდილის არ ეშინიათ და რელიგიური აღმაფრენით უდგებიან ამ საკითხს ( არ მაქვს ლაპარაკი საეკლესიო მსახურებზე, ვგულისხმობ ჩვეულებრივ ადამიანებს), მგონია რომ ცოტა არ იყოს ფანატიზმში გადასდით რწმენა.
ჰოდა მაშინ წარმოვიდინოთ, რა არის ნორმალური ადამიანისთვის იმაზე მეტი საშინელება, თუ არა სამყაროს აღსასრული, როდესაც კვდები საშინელი სიკვდილით და როდესაც ყველაფერი თავზე გენგრევა? როდესაც უკვე ძველებურად აღარაფერი იქნება? სწორედ ესაა ჩვენი ბუნებრივი შიში. ამის გვეშინია მუდამ და პატარა გაგონილ ამბავსაც კი ვამძაფრებთ და ტრაგიკულად აღვიქვამთ. გავრცელებული პიარ-კამპანია და ჭორი კი ყველამ კარგად ვიცით რაცაა. და მშიშარა ადამიანებზე როგორ მოქმედებს.

მე უბრალოდ ერთადერთი რამ მიკვირს ამ ხალხის. რა უხარიათ? როდესაც ამბობენ, რომ სამყაროს აღსასრული მოვა და მსოფლიო გაწყდება, აი აქ რა უხარიათ? ეს დღემდე გამოუცნობი რჩება ჩემთვის.
თუ ვინმეს ოდესმე ჩემი აზრი დააინტერესებს , თუ რას ვფიქრობ 2012 წლის აპოკალიფსზე, ჩემი აზრი ასეთია. მართალია ფანატიკოსი არ ვარ და ყველაფერში ლოგიკურ ახსნას ვეძებ, მაგრამ ვარ ქრისტიანი და ერთი რამე ზუსტად ვიცი. ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა და ღმერთივე მოგვიღებს ბოლოს, როცა კი მოისურვებს. ასე რომ მისი განზრახვების შესახებ არც მკითხავებმა იციან, არც წინასწარმეტყველებმა და არც მეცნიერებმა
თქვენ რას ფიქრობთ სამყაროს აღსასრულის შესახებ?